ავტოსპორტი

3:09 | 15.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

სტოფელ ვანდორნმა ფორმულა E-ს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

„მერსედესის“ ბელგიელი სტოფელ ვანდორნი, ფორმულა E-ს მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მან სეულის E-პრიზის მეორე რბოლა მეორე ადგილზე დაასრულა, რაც ტიტულის მოსაპოვებლად, საკმარისი აღმოჩნდა. ეს იყო ფორმულა E-ს ისტორიაში საიუბილეო, მე-100 რბოლა, რითაც ამ ელექტრონული სარბოლო ავტომობილების სერიაში ერთი ეპოქა დასრულდა.

ახალი სეზონიდან, FIA-ს მიერ სანქცირებულ სერიაში, ახალი რეგლამენტი ამოქმედდება. ამის შემდეგ, ჩემპიონატი უფრო სწრაფი, მსუბუქი და ენერგო ეფექტური ავტომობილებით ჩატარდება. თუმცა მასში მონაწილეობას აღარ მიიღებს „მერსედესი“, რომელიც სერიას ტოვებს.

სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულის ოლიმპიური სტადიონის სიახლოვეს გამართული რბოლა ვანდორნმა მეოთხე პოზიციიდან დაიწყო და მეორემ დაასრულა. ის პირველად გახდა ელექტრუნული ფორმულას ჩემპიონი. გამარჯვებულს კლასიფიკაციაში 33 ქულით ჩამორჩა „იაგუარის“ ახალზელანდიელი მიჩ ევანსი, ვინც შაბათის რბოლა მოიგო. ბოლო რბოლის წინ, მათ შორის სხვაობა 21 ქულა იყო, მაგრამ ევანსს კვალიფიკაციაზე მე-13 პოზიცია ჰქონდა დაკავებული და საბოლოოდ, მეშვიდე ადგილს დასჯერდა.

„საოცარი სეზონი იყო. ეს ყველა დროის ყველაზე გამორჩეული შეგრძნებაა... რასაც ჩვენ მივაღწიეთ, ეს განსაკუთრებულია. საბოლოოდ, გადამწყვეტი როლი სტაბილურობამ შეასრულა“, - განაცხადა 30 წლის მრბოლმა, ვინც ერთ დროს, „მაკლარენის“ ფორმულა 1-ის გუნდის წევრი იყო.

ვანდორნს სეზონის განმავლობაში უფრო ნაკლები რბოლა აქვს მოგებული, ვიდრე ევანსს და შვეიცარიელ-იტალიელ ედოარდო მორტარას (გუნდი ვენტური), ვინც კვირის რბოლა მოიგო და საბოლოოდ, ჩემპიონტი მესამე ადგილზე დაასრულა. ბელგელმა ამ სეზონში მხოლოდ ერთი რბოლა მოიგო (მონაკოში), ევანსს და მორტარას კი 4-4 მოგება აქვთ.

რაც შეეხება „მერსედესის“ გუნდს, ორივე ტიტულის (პილოტების და გუნდების) ზედიზედ მეორედ მოპოვების შემდეგ, გერმანულმა კომპანიამ ის „მაკლარენს“ მიჰყიდა. ცნობისათვის, „მერსედეს EQ-ს“ მანქანით შარშან ჩემპიონი ჰოლანდიელი ნიკ დე ფრისი გახდა.

0.108723