ფეხბურთი

16:54 | 11.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძე: "კარგი შეთავაზება თუ მექნება, კლუბთან ერთად აუცილებლად განვიხილავ"
"ამჟამად კარგ ფორმაში ვარ, როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად"

„ფეჰერვარისა“ და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ უნგრულ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც მიმდინარე სეზონზე, საკუთარ სათამაშო ფორმასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

როგორც 28 წლის ქართველმა ფორვარდმა აღნიშნა, ამჟამად „ფეჰერვარში“ ბედნიერია, თუმცა სატრანსფერო ბაზრის ბოლომდე თუ სასურველ შეთავაზებას მიიღებს, აუცილებლად განიხილავს.

- ჯერჯერობით, ყველაფერი კარგადაა, არა?

- უმეტესწილად კი, პაკშისთან მარცხს თუ არ ჩავთვლით. ამას გარდა, წუწუნის საფუძველი არ გვაქვს, კარგად ვთამაშობთ და გოლებიც ბევრი გავიტანეთ. 5 მატჩში 14 გოლი ცოტა არ არის.

- 14-დან 4 გოლი თქვენს სახელს უკავშირდება. ვფიქრობ, კმაყოფილი ხართ...

- ვერანაირად ვერ ვიქნები უკმაყოფილო. სხვა საკითხია, რომ როგორც ყველა ფეხბურთელს, მეც მინდა მოედანზე, რაც შეიძლება მეტი დრო გავატარო. ხუთი მატჩიდან ორჯერ ვიყავი ძირითადში და სამჯერ შეცვლაზე ვითამაშე. არ უარვყოფ, რომ მინდა, პირველი წუთიდან უფრო ხშირად ვითამაშო. ვფიქრობ, ეს ნორმალურია, არასდროს გამიგია ფეხბურთელი, რომელსაც მუდმივად თამაში არ უნდა. რა თქმა უნდა, პატივს ვცემ მწვრთნელის გადაწყვეტილებას, რადგან პროფესიონალი ვარ. გარდა ამისა, გუნდში შესანიშნავი თავდამსხმელები არიან, სხვა თუ არაფერი, კენან კოდრომაც 5 თამაშში 4 გოლი გაიტანა. ნებისმიერ შემთხვევაში ვიბრძვი, რომ რაც შეიძლება მეტი სათამაშო დრო მივიღო.

- სავარაუდოდ, „პეტროკუბთან“ ძირითადში იქნებით. 5:0 მოიგეთ პირველი თამაში, ახლა როგორი მოლოდინია?

- შეშფოთების მიზეზი არ გვაქვს, მაგრამ არცერთი წამით არ უნდა ვიფიქროთ, რომ უკვე მომდევნო ეტაპზე ვართ. კიშინიოვში გამარჯვებისთვის მივდივართ და გვჯერა, რომ მეტოქეს კიდევ ერთხელ დავამარცხებთ.

- კონფერენს ლიგაზე სამ მატჩში სამი გოლი გაქვთ. შეძლებთ მეოთხე თამაშშიც გატანას?

- იმედი მაქვს, სერიას გავაგრძელებ. მე თავდამსხმელი ვარ, რომელიც წარმატებული მაშინაა, როცა გოლებს იტანს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავიტანო. კარგ ფორმაში ვარ, მოტივირებული ვარ, რომ რაც შეიძლება მეტი გავიტანო.

- შეიძლება ითქვას, რომ თქვენსავით „ფეჰერვარიც“ კარგ ფორმაშია?

- დიახ, გასული კვირა განსაკუთრებით კარგი იყო, რადგან ჯერ „პეტროკუბი“ 5:0 დავამარცხეთ, შემდეგ „ჰონვედი“ 4:0. არც „პაკშისთან“ გვითამაშია ცუდად, მაგრამ იმ მატჩში ჩვენი მომენტები ხელიდან გავუშვით. მჯერა, მომავალში უკეთ ვითამაშებთ.

- ხშირად ფიქრობთ მომდევნო მეტოქე, „კიოლნზე“?

- რა თქმა უნდა, ვიცით, რომ თუ მოლდოვურ ბარიერს გადავლახავთ, „კიოლნი“ გველოდება, მაგრამ ეს არ არის ის, რაზეც ფიქრით ვიღვიძებთ და ვიძინებთ. ჯერ საპასუხო მატჩი სათამაშოა და ამის შემდეგ ვიფიქრებთ „კიოლნზე“.

- კვირას „ფერენცვაროშთან“ მატჩია...

- ნამდვილად დიდებული მატჩი იქნება. არცერთ მოთამაშეს არ სურს ასეთი შეხვედრის გამოტოვება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშნენ, კარგი გუნდია და შემთხვევით არ გამხდარა ჩემპიონი ბოლო წლებში. მიუხედავად ამისა, გვჯერა, რომ შეგვიძლია მისი დამარცხება.

- ხუთშაბათს და კვირას თამაშობთ. დამღლელი არ არის?

- შესაძლოა, ვინც, ყველა თამაში შეუცვლელად ჩაატარა, დაიღალა, მაგრამ მე - არა. თავს კარგად ვგრძნობ, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად. გაზაფხულზე იჯარით „უიპეშტში“ ვიყავი, იქ კარგ ფორმაში ვიყავი და „ფეჰერვარშიც“ ასე დავბრუნდი. მინდა, ეს ფორმა შევინარჩუნო და ამისთვის ბევრს ვმუშაობ. მსურს, „ფეჰერვარს“ გოლებით, საგოლე პასებით და კარგი თამაშით დავეხმარო.

- ეს ნიშნავს, რომ რჩებით? იყო საუბარი სხვა გუნდებზე, მათ შორის, ბოლოს, აზერბაიჯანული მედიის ცნობით „ყარაბაღზე“...

- ეს კითხვა ამჟამად აქტუალური არ არის. სატრანსფერო პერიოდი აგვისტოს ბოლომდე გრძელდება, თუ მივიღებ შეთავაზებას, რომელიც ჩემთვისაც და კლუბისთვის მოსაწონი იქნება, აუცილებლად დავსხდებით და ვიმსჯელებთ როგორ მოვიქცეთ, ასევე ოჯახთან განვიხილავ, ჯობია წავიდე თუ დავრჩე. თუმცა, ახლა ამაზე საუბარი ნამდვილად ზედმეტია, თუნდაც იმიტომ, რომ სალაპარაკო არაფერია. ამავდროულად გულწრფელად შემიძლია ორი რამ ვთქვა: ერთი ის, რომ კარგ გუნდში ვთამაშობ და მეორე ის, რომ თავს კარგად ვგრძნობ. ახლა ეს საკმარისია იმისთვის, რომ ბედნიერი ვიყო.

შეგახსენებთ, ბუდუ ზივზივაძემ მიმდინარე სეზონში 5 მატჩში 4 გოლი გაიტანა (3 კონფერენს ლიგაზე, ერთიც უნგრეთის ჩემპიონატში). მას „ფეჰერვართან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.119236