ფეხბურთი

18:50 | 4.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია: "ფეხბურთი ჩემთვის გატაცებაა და არა სამსახური"

„ნაპოლის“ ვებგვერდმა ხვიჩა კვარაცხელიასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელმაც საკუთარი თავი ადგილობრივ გულშემატკივრებს გააცნო. როგორც ხვიჩამ აღნიშნა, ფეხბურთი მისთვის გატაცებაა და არა სამსახური, ის ბედნიერია „ნაპოლიში“ ყოფნით და ყველაფერს გააკეთებს, რომ გუნდს წარმატებებში დაეხმაროს.

„მე საქართველოდან ვარ, ულამაზესი ქვეყნიდან. ბავშვობაში ყოველთვის ფეხბურთს ვთამაშობდი, მიყვარს ფეხბურთი. თამაში 8 წლის ასაკში დავიწყე, რამდენიმე წლის შემდეგ ყოველთვის ფეხბურთზე ვფიქრობდი. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, როგორც ახლაა. მამაჩემიც ფეხბურთს თამაშობდა, აზერბაიჯანში, კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ იმიტომ არ ვთამაშობ, რომ ის იყო ფეხბურთელი, ეს მამაჩემს არ უთქვამს, უბრალოდ მე მინდოდა მეთამაშა. არდადეგებს ჩვეულებრივ საქართველოში ოჯახის წევრებთან ვატარებ, ორი ძმა მყავს, ერთი უმცროსი და ერთიც უფროსი. პატარა 12 წლისაა და კარგი ფეხბურთელია, მართლაც კარგი. როცა იქ ვბრუნდები, დროს მეგობრებთან ერთად ვატარებ და ეს სასიამოვნოა. მივდივარ მთაში ან ზღვაზე, უფრო ხშირად მთაში. საქართველოში მშვენიერი ადგილები გვაქვს, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ.

სხვა სპორტის სახეობები? ხანდახან კალათბურთს ან ჩოგბურთს ვთამაშობ, მაგრამ ფეხბურთი მიყვარს. ეს ჩემი სამსახური კი არა, გატაცებაა. ზოგჯერ მეგობრებთან ერთად კალათბურთით ვტკბები, „გოლდენ სტეიტის“ გულშემატკივარი ვარ, სტეფ კარი მიყვარს.

ჩემი კარიერა „დინამო თბილისში“ დაიწყო, შემდეგ „რუსთავსა“ და მოსკოვის „ლოკომოტივში“ წავედი, მერე „რუბინში“ და ისევ საქართველოში დავბრუნდი, „დინამო ბათუმში“, ახლა კი აქ ვარ.

რა ვიცოდი ნეაპოლის შესახებ აქ ჩამოსვლამდე? როცა საქართველოში ვიყავი, ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ ნეაპოლი ძალიან ლამაზი ქალაქი იყო. პირველად ვარ იტალიაში და ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ნეაპოლი წარმოუდგენელი ქალაქია, ძალიან ლამაზი. ხალხს ფეხბურთი ძალიან უყვარს. პირველად ქალაქში ტაქსით რომ გავედი, დავინახე ხალხი „ნაპოლის“ დროშებით, ნამდვილი ვნებაა. აქ იმიტომ ვარ, რომ განვითარდე, მინდა ტიტულები მოვიგო და ჩემი წვლილი შევიტანო, დავეხმარო გუნდს და ვინ იცის, იქნებ, ტიტულებიც მოვიგოთ.

როგორ გაჩნდა „ნაპოლიში“ ტრანსფერის შანსი? საქართველოს ნაკრებში ვიყავი ამხანაგურ მატჩებზე და ჩემმა აგენტმა დამირეკა. მითხრა, რომ იყო ეს შესაძლებლობა. ჩემი აგენტი „ნაპოლის“ დიდი ხანი ესაუბრებოდა, დაახლოებით ორი წელი. „ნაპოლი“ მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია, ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ. ვიცი, რომ ნეაპოლში ძალიან გემრიელი პოცაა, ვიცი, რომ აქ მარადონა თამაშობდა და ეს წარმოუდგენელია. ჩემთვის დიდი პატივია ამ კლუბში ყოფნა და მინდა მის წარმატებებში ჩემი წვლილი შევიტანო“, - თქვა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მოსამზადებელ პერიოდში ამ დროისთვის ხუთი მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 4 გოლი გაიტანა, ორჯერ კი საგოლე პასი გააკეთა. მან იტალიურ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111869