ფეხბურთი

20:05 | 22.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილი: "ჩემი მიზანი "ვალენსიაში" ტიტულის მოგებაა, ეს შეუძლებელი არ არის"

ესპანური „ვალენსიას“ მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა plazadeportiva.valenciaplaza.com-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც მოსამზადებელ ეტაპზე, საკუთარ თავზე, მიზნებზე, ჯენარო გატუზოსა და სხვა თემებზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, გატუზოსთან მუშაობა იოლი არაა, მაგრამ სასიამოვნოა და გუნდის ახალი სათამაშო სტილი მოსწონს. გიორგიმ თქვა, რომ არასდროს ნერვიულობს და მიზნად „ვალენსიასთან“ ერთად ტიტულის მოგებას ისახავს.

- როგორ მიმდინარეობს პრესეზონი?

- ძალიან ბევრს ვმუშაობთ, აქ ბოლო თამაში „შტუტგარტთან“ გვაქვს და მოგება გვინდა.

- აგვიხსენით, თქვენი ტრანსფერის შესახებ...

- მეორე გუნდში სათამაშოდ და აქ მესამე მეკარედ ჩამოვედი, მაგრამ ნელ-ნელა შრომით აქამდე მოვედი.

- რა გაიფიქრეთ, როცა „ვალენსიას“ შეთავაზება მიიღეთ?

- უკვე ვიცოდი „ვალენსიას“ ისტორია. მამამ რომ მითხრა, ძალიან გამიხარდა.

- როგორი იყო ლა ლიგის პირველი მატჩები, როგორც ძირითადი შემადგენლობის წევრისთვის?

- ვფიქრობ, ცოტა გამიმართლა, მაგრამ მე ბოლომდე მზად არ ვიყავი ლა ლიგისთვის. თუმცა, ნელ-ნელა შრომით გაუმჯობესება მოვახერხე.

- როგორ გრძნობდით თავს, როცა ძირითადში ადგილი დაკარგეთ?

- ყოველდღე ვფიქრობდი გაუმჯობესებაზე, რადგან როცა სათადარიგო სკამზე ხარ, მეტი უნდა იმუშაო და ასევე მენტალურადაც ძლიერი უნდა იყო. ოთხი თვე უთამაშებლად ყოფნა ძალიან რთულია.

- როგორი იყო ბორდალასთან ურთიერთობა?

- ის დიდი მწვრთნელია და მინდა, მადლობა გადავუხადო იმისთვის, რაც ჩემთვის გააკეთა.

- და, როგორი იყო ძირითადში დაბრუნება?

- ოთხი თვის შემდეგ მენტალურად უფრო ძლიერი ვიყავი, უფრო მომზადებული და ყოველი თამაში უკეთესი გახლდათ.

- რას ფიქრობთ ხალხის მხარდაჭერაზე?

- ჩემთვის კარგია. ძალიან ახალგაზრდა ვარ და მეტი მოტივაცია მაქვს.

- ესპანეთის თასის ფინალი წააგეთ...

- ფინალისთვის კარგად მოვემზადეთ, მაგრამ ესეც ხდება, წელს ვეცდებით, მოვიგოთ.

- ნერვიულობდით?

- არასდროს ვნერვიულობ, საკუთარ თავს ძალიან ვენდობი.

- როგორი განცდა გქონდათ პენალტების სერიაში?

- იღბალია. არა უშავს, შემდეგ ჯერზე მოვიგებთ, იმედია წელს.

- ევროტურნირებზე დაბრუნება არის მიზანი?

- ეს მნიშვნელოვანია. გატუზოს გზავნილიც ჩვენდამი ეს არის და ჩვენი მიზანია. გასახდელში ამაზე ვსაუბრობთ და ჩვენ გვჯერა, რომ მიზანს მივაღწევთ.

- როგორია გატუზო?

- რთულია, მაგრამ ძალიან კარგია. მენტალურად და ტაქტიკურად კარგი მწვრთნელია, ძალიან მომწონს. შეიცვალა მუშაობის წესი, ახლა ბევრი პასი კეთდება, ფეხბურთს უფრო მეტად ვთამაშობთ და ეს ძალიან კომფორტულია. მომწონს, რომ ასე ვთამაშობთ.

- გედეში გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია...

- დიახ, ყველას გვინდა, რომ დარჩეს.

- როგორ ხედავთ თქვენს მომავალს „ვალენსიაში“?

- „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2+1 წლით მაქვს და აქ ბედნიერი ვარ. ძალიან მომწონს ვალენსია, როგორც ქალაქი და ხალხი.

- საუბარია „მანჩესტერსა“ და „ტოტენჰემზე“...

- ვიცი, მაგრამ ახლა მთავარი „ვალენსიაა“, მერე ვნახოთ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბედნიერი ვიყო და ბედნიერი ვარ, მომწონს გუნდი, მომწონს ქალაქი.

- რა არის თქვენი მიზანი „ვალენსიასთან“ ერთად?

- ტიტულის მოგება, ლა ლიგის ან ესპანეთის თასის. რთულია, მაგრამ შეუძლებელი არა.

0.110706