ფეხბურთი

21:10 | 20.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

გია გეგუჩაძე: "ლეხს" კარგი პერიოდი არ აქვს, რეაბილიტაცია სურს და ამიტომ, რთული თამაში იქნება"

„დინამო ბათუმის“ მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე პოზნანის „ლეხთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, რთული მატჩი იქნება, მაგრამ მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ვინაობა ბათუმში გაირკვევა.

„ვფიქრობ, რთული თამაში გვექნება, რადგან საკმაოდ ძლიერ გუნდს ვეთამაშებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენც და „ლეხმაც“ პირველ ეტაპზე მარცხი განვიცადეთ. გამომდინარე იქიდან, რომ „ლეხი“ გამოცდილი და კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, გუნდურადაც კარგად გამოიყურება, რთული თამაში იქნება. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ განვლილი პერიოდი „ლეხისთვის“ კარგი იყო და მითუმეტეს, ალბათ, რეაბილიტაცია სურთ. გარდა ამისა, მაღალი ტემპერატურა იქნება, ამიტომ რთულ თამაშს ველოდები. ყველაფერს ხვალ ვნახავთ.

არა მგონია, რომ ყველაფერი ხვალ გადაწყდეს და ვინ გავა შემდეგ ეტაპზე, ალბათ ეს ორი მატჩის ჯამში გაირკვევა“, - თქვა გეგუჩაძემ.

შეგახსენებთ, რომ პოზნანის „ლეხში“, რომელსაც ბოლო სამი მატჩი წაგებული აქვს და ჩემპიონთა ლიგას აზერბაიჯანის ჩემპიონ „ყარაბაღთან“ მარცხით გამოეთიშა, გიორგი წიტაიშვილიც თამაშობს. ხვალინდელი შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ამ წყვილში გამარჯვებული მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ისლანდიურ "ვიკინგურსა" და უელსურ "ნიუ საინტს" შორის საუკეთესოს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118366