ძიუდო

17:03 | 10.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვარლამ ლიპარტელიანი ბუდაპეშტის გრანდ სლემის ფინალშია

ბუდაპეშტის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს საქართველოს ერთი ფინალისტი ჰყავს - ვარლამ ლიპარტელიანი. მთლიანობაში დღეს ტატამიზე 7 ქართველი გავიდა, საიდანაც ლიპარტელიანს ოქროს, ხოლო კიდევ ორ ძიუდოისტს ბრინჯაოს შანსი აქვს.

90 კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა სერბი მიჰაილო ჩირიჩი, ტაჯიკი ჟახონგირ მაჟიდოვი და ამერიკელი ჯონ ჯაინი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში იაპონელ სანშირო მურაოს გაეჯიბრა, რომელთანაც დამარცხდა. შესაბამისად, ბექა ფინალურ ბლოკში ბრინჯაოსთვის იბრძოლებს და მისი მეტოქე უნგრელი გერგელი ნერპელი იქნება.

ამავე წონაში ნიკა ხარაზიშვილი გამოვიდა, რომელიც მესამე წრეში უბრძოლველად მოხვდა, მაგრამ იქ უნგრელ კომრონშოხ უსტოპირიონთან წააგო და უმედლოდ დარჩა.

100 კგ წონით კატეგორიაში ფინალშია ვარლამ ლიპარტელიანი. ლეგენდარულმა ქართველმა ძიუდოისტმა სერბი ბოიან დოსენი, გერმანელი კარლ-რიხარდ ფრაი, ბრაზილიელი რაფაელ ბუზაჩარინი და დანიელი მატიას მადსენი დაამარცხა, ხოლო ფინალში იაპონელ კენტარო იდას გაეჯიბრება.

100 კგ წონით კატეგორიაში ონისე სანებლიძე უმედლოდ დარჩა. მან პოლონელი ოლექსი ლისენკო და ჩილელი ტომას ბრისენო დაამარცხა, თუმცა შემდეგ იაპონელ კენტარო იდასთან წააგო, რეპეშაჟში გადავიდა და იქაც მარცხი განიცადა უნგრელ შომბრო ვეგთან. ამ წონაში ბრინჯაოს მედლისთვის გავა ტატამიზე ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი, რომელიც ნახევარფინალში კენტარო იდასთან დამარცხდა.

+100 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს გელა ზაალიშვილი, რომელმაც გერმანელი ერიკ აბრამოვი და ფინელი მარტიი პუუმალაინენი დაამარცხა, თუმცა ნახევარფინალში ლეგენდარულ ტედი რინერთან წააგო. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში გელა საამიროების სახელით მოასპარეზე მაგომედომარ მაგომედომაროვს დაუპირისპირდება.

დღესვე ტატამიზე ორი ქალი ძიუდოისტიც გავიდა. 78 კგ წონით კატეგორიაში მარიამ ჭანტურია პირველივე წრეში დამარცხდა ვენესუელელ კარენ ლეონთან, ხოლო +78 კგ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილმა პირველი შეხვედრა წააგო ისრაელის წარმომადგენელ რაზ ჰერშკოსთან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ყულაბაში ამ დროისთვის სამი მედალია, რომლებიც ლუხუმ ჩხვიმიანმა, ლაშა შავდათუაშვილმა (ორივემ ვერცხლი) და თემურ ნოზაძემ (ბრინჯაო) მოიპოვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111637