ჩოგბურთი

3:30 | 2.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალკარასი ჯოკოვიჩისკენ მიიწევს

თუ ასე გაგრძელდა, უიმბლდონის მეოთხედფინალში, ესპანელი კარლოს ალკარასის და სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის დაპირისპირებას ვიხილავთ. ალკარასმა მესამე წრეში გერმანელი ოსკარ ოტე 6-3, 6-1, 6-2 დაამარცხა.

ოტე ის ჩოგბურთელია, ვინც 12 თვით ადრე, ბრიტანელ ორგზის ჩემპიონ ენდი მარის, მეორე წრეში ხუთსეტიანი ბრძოლა გაუმართა. მაგრამ ამჯერად გმირობის გამეორება არ გამოუვიდა. მან მეხუთე ნომრად განთესილ ალკარასს (ფოტოზე) მცირე წინააღმდეგობაც ვერ გაუწია.

19 წლის ალკარასს, მიმდინარე ტურნირამდე, ბალახზე მხოლოდ ერთი თამაში ჰქონდა მოგებული. მაგრამ ამჯერად ისე თამაშობს, თითქოს ბალახს მიჩვეული იყოს. ოტესთან შეხვედრაში, მას მხოლოდ ერთხელ მოუწია ბრეიკ პოინტის მოგერიება. ის კორტს სრულად აკონტროლებდა.

ალკარასს მომდევნო მეტოქედ, იტალიელი მე-10 ნომრად განთესილი იანიკ სინერი ეყოლება. თუ მასაც დაამარცხებს და ჯოკოვიჩი ტურნირზე უაილდ ქარდით მოხვედრილ ჰოლანდიელ ტიმ ვან რიიტჰოვენს აჯობებს, მაშინ მეოთხედფინალში ალკარასის და ჯოკოვიჩის შეხვედრის მომსწრენი გავხდებით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117281