კალათბურთი

22:08 | 1.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს უშანსო მარცხი უკრაინასთან და ბაგატსკისის სამარცხვინო საქციელი...

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ჯგუფურ ეტაპზე მორიგი მატჩი ჩაატარა და რიგაში უკრაინის ნაკრებს ესტუმრა. ილიას ზუროსის გუნდმა ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა და მარცხი განიცადა - 66:79.

საქართველოს მეორე ჯგუფური ეტაპის საგზური მოპოვებული აქვს, მაგრამ თამაშს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მეორე ჯგუფურ ეტაპზე გამარჯვებები გუნდებს გადაჰყვებათ. თუმცა, ქართველმა კალათბურთელებმა მეტოქეს განსაკუთრებული წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და ისე წააგეს, რომ პრაქტიკულად შანსი არ მისცემიათ. არ უთამაშია გოგა ბითაძეს, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით, მატჩისწინა გახურებისას ფეხი დაიზიანა. თამაში არ წაუვიდათ საქართველოს ნაკრების ლიდერებს.

საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ მეოთხე პერიოდი მოიგო, ისიც 3 ქულის სხვაობით და მაშინ, როცა მატჩის ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო. თამაშის ხარისხი საქართველოს მხრიდან ძალიან ცუდი იყო, განსაკუთრებით შეტევაში, სადაც ხშირად ელემენტარული ბურთების ჩაგდებას ვერ ახერხებდნენ. თავად განსაჯეთ: 39-დან 17 ორქულიანი, 26-დან 4 სამქულიანი და 33-დან 20 საჯარიმო - ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია.

საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი თად მაკფადენი იყო 22 ქულით, მაგრამ მან 12-დან მხოლოდ 4 სამქულიანი ჩააგდო (სხვათა შორის, სხვა ქართველს სამქულიანი არ ჩაუგდია). 21 ქულით გამოირჩა თორნიკე შენგელია, ხოლო გიორგი შერმადინის აქტივში 7 ქულა იყო. მაკფადენისა და შენგელიას გარდა 10-ქულიან ზღვარს არცერთი ქართველი გადაცდენილა. უკრაინის ნაკრებს ვიაჩესლავ ბობროვმა ულიდერა 17 ქულით, ხოლო სვიატოსლავ მიხაილუკის აქტივში 16 ქულა გახლდათ.

მატჩი ინციდენტით დასრულდა. უკრაინელთა ლატვიელმა მთავარმა მწვრთნელმა აინარს ბაგატსკისმა ილიას ზუროსს მატჩის შემდეგ ხელი არ ჩამოართვა, მაგრამ ეს არაფერია იმ ჟესტთან, რომელიც მან ქართველ კალათბურთელებს უჩვენა. ცნობისთვის ბაგაცკისი 2011 წელს საკალათბურთო გუნდ „სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი იყო. ზოგადად, ლატვიელი საქართველოს ნაკრების მიმართ კარგად განწყობილი რომ არ იყო, მატჩისწინა განცხადებებშიც იგრძნობოდა.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრები შესარჩევი ეტაპის პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს 4 ივლისს, თბილისში, ახალ დარბაზში ესპანეთის ნაკრებთან გამართავს.

უკრაინა - საქართველო 79:66 (23:20, 24:14, 13:10, 19:22)

მატჩის სტატისტიკა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121382