ფეხბურთი

19:37 | 29.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

არაბიძის ულამაზესი გოლით და ახვლედიანის ჰეთ-თრიქით "ტორპედომ" "დილა" დაამარცხა

ქუთაისის „ტორპედომ“ ეროვნულ ლიგაში ორი მძიმე მარცხის შემდეგ („დინამო ბათუმთან“ 0:4 და „დინამო თბილისთან“ 1:5), ხასიათი გამოიკეთა და ზაფხულის პაუზაზე კარგ ხასიათზე გავიდა.

კახა ჩხეტიანის გუნდმა ზესტაფონში გორის „დილას“ უმასპინძლა და 4:1 მოიგო. ანგარიში გიორგი არაბიძემ გახსნა, რომელმაც საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი დარტყმით მეტოქის კარის ცხრიანი დალაშქრა და ანგარიში გახსნა. პირველი ტაიმის ბოლოს „დილას“ ნიკა გაგნიძე გაუძევეს, რამაც ანდრეი დემჩენკოს გუნდის ვითარება დაამძიმა.

მეორე ტაიმში კი შეუჩერებელი იყო თორნიკე ახვლედიანი. იმერელთა ფორვარდმა სტუმართა კარი სამჯერ დალაშქრა და ჰეთ-თრიქი შეასრულა. ერთადერთი, რაც გორელებმა შეძლეს ჰაჯი დრამეს პრესტიჟის გოლი იყო.

ქუთაისის „ტორპედომ“ 24 ქულა დააგროვა და მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 13 აგვისტოს, „საბურთალოს“ შეხვდება. „დილა“ 34 ქულით მესამეა და ასევე 13 აგვისტოს „დინამო ბათუმს“ უნდა შეხვდეს. თუმცა, მანამდე გორელებს კონფერენს ლიგის მატჩები ელოდებათ.

„ტორპედო“ – „დილა“ 4:1 (1:0)

გოლები: 1:0 არაბიძე (18), 2:0 ახვლედიანი (63), 3:0 ახვლედიანი (74), 3:1 დრამე (78), 4:1 ახვლედიანი (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110004