ძიუდო

18:27 | 5.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ონისე სანებლიძის ოქრო, გიორგი ბერიაშვილის ვერცხლი და სოფიო სომხიშვილის ბრინჯაო თბილისის გრანდ სლემზე

ონისე სანებლიძე თბილისის გრანდ სლემის ჩემპიონი გახდა და საქართველოს მე-4 მედალი მოუტანა.

100 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა. ონისე სანებლიძემ გიორგი ბერიაშვილი 20 წამში იპონით დაამარცხა და თბილისის გრანდ სლემის ჩემპიონი გახდა. ფინალამდე ონისე სანებლიძემ ყაზახი სერიკ სალმენოვი, გერმანელი დანიელ ჰერბსტი და უზბეკი ოტაბეკ ტურაბოევი დაამარცხა, ხოლო ფინალში გიორგი ბერიაშვილს შეხვდა, რომელმაც სამხრეთკორეელი ჯაე იუნ კიმი, ბრაზილიელი ანდრე უმბერტო და მერე ნახევარფინალში ქართულ დუელში ილია სულამანიძე დაამარცხა.

სულამანიძემ ნახევარფინალამდე გერმანელი ლუის მაი და ყაზახი აიბეკ სერიკბაეივი დაამარცხა, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის კიდევ ერთ გერმანელ დანიელ ჰერბსტს გაეჯიბრა, მაგრამ წააგო და უმედლოდ დარჩა. ამავე წონაში ასპარეზობდა ომარ საური, რომელმაც ტაჯიკი აკობირ აბუბაკრი დაამარცხა, მაგრამ შემდეგ უნგრელ სომბრო ვეგთან წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა.

ქალთა შორის +78 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა სოფიო სომხიშვილმა, რომელმაც ჩეხი მარკეტა პაულუსოვა დაამარცხა, ხოლო მერე ფრანგ ჟულია ტოლოფუასთან წააგო და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ლიეტუველ სანდრა იაბლონსკიტე დაამარცხა. მედლისთვის სომხიშვილი ფრანგ ლეა ფონტენს შეხვედროდა, მაგრამ ფრანგი არ გამოცხადდა და გამარჯვება ქართველს დარჩა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების აქტივში ჯერჯერობით 12 მედალია - 4 ოქრო (თემურ ნოზაძე, ლაშა შავდათუაშვილი, ბექა ღვინიაშვილი, ონისე საბელიძე), 4 ვერცხლი (გიორგი სარდალაშვილი, გიორგი თუთაშვილი, ტატო გრიგალაშვილი და გიორგი ბერიაშვილი), 4 ბრინჯაო (ვაჟა მარგველაშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, გიორგი ტერაშვილი, სოფიო სომხიშვილი).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121537