ფეხბურთი

21:54 | 2.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

დამაჯერებელი გამარჯვება გიბრალტართან: საქართველომ ერთა ლიგა 3 ქულით დაიწყო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის 2022 წლის სეზონი C დივიზიონში გამარჯვებით დაიწყო და საკუთარ მოედანზე გიბრალტარის ნაკრები 4:0 დაამარცხა.

ვილი სანიოლმა ამჯერადაც 3-4-3 სქემა აირჩია, მაგრამ შემადგენლობა ძალიან შემტევი იყო. ფლანგების კონტროლი საბა ლობჟანიძესა და გიორგი წიტაიშვილს დაევალათ, ხოლო შეტევაში გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე მოქმედებდნენ.

საქართველოს ნაკრებმა დიდი სათამაშო უპირატესობა პირველივე წუთებში მოიპოვა, რაც მოსალოდნელი იყო და ანგარიშიც სწრაფად გაიხსნა. მე-12 წუთზე გიორგი წიტაიშვილის პასის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია ხელსაყრელ პოზიციაში აღმოჩნდა და მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო. ვილი სანიოლის გუნდს საგოლე მომენტები ამის შემდეგაც ბევრი ჰქონდა, მაგრამ სტუმართა მეკარე რიგ ეპიზოდში შესანიშნავი იყო, რომელმაც კვარაცხელიას, ანზორ მექვაბიშვილს, საბა ლობჟანიძესა და გიორგი მიქაუტაძეს აჯობა, ხოლო გურამ კაშიას დარტყმა კარს მცირედით ასცდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გოლი მაინც გაიტანა. 33-ე წუთზე კვარაცხელიამ ჯარიმა ჩააწოდა და ყველას კაშიამ დაასწრო და სხვაობა გააორმაგა. პირველი ტაიმი ასე დასრულდა.

მეორე ნახევარიც ქართველების უპირატესობით დაიწყო და კვარაცხელია დუბლთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ მეკარემ ისევ დიდებულად ითამაშა და თავისი გუნდი გადაარჩინა. 53-ე წუთზე სტუმრებს მხსნელად ხარიხა მოევლინათ, საბა ლობჟანიძის დარტყმის შემდეგ. გიბრალტარს ძელი 74-ე წუთზე დაეხმარა, ამჯერად მიქაუტაძე იყო ახლოს გოლთან, მაგრამ ვერ გაიტანა. სამაგიეროდ, საქართველოს ნაკრებმა მატჩის მიწურულს ორწუთიან მონაკვეთში ორჯერ გაიტანა. ორივე გოლი საბა ლობჟანიძის დამსახურებაა, რომელსაც ორჯერვე შეეძლო დარტყმა, მაგრამ საგოლე პასების გაკეთება არჩია და ჯერ მიქაუტაძემ გაიტანა ერთი შეხებით, მერე ვაკო ყაზაიშვილმა - 4:0. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა და ვილი სანიოლის გუნდმა ერთა ლიგის ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო.

ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა წარმატებული სერია გააგრძელა. 6-მატჩიანი წაუგებელი სერია და ბოლო 5 მატჩში მშრალად შენახული კარი. ვილი სანიოლის გუნდს მეორე ტურში რაზგრადში, ბულგარეთის ნაკრებთან მატჩი ელოდება.

საქართველო - გიბრალტარი 4:0 (2:0)

თბილისი, „დინამო არენა“

საქართველო (3-4-3): ლორია; კაკაბაძე, კაშია (კობახიძე 63), ხოჭოლავა; ლობჟანიძე, აბურჯანია (კიტეიშვილი 63), მექვაბიშვილი, წიტაიშვილი (გიორბელიძე 40); ჩაკვეტაძე (კვეკვესკირი 78), მიქაუტაძე, კვარაცხელია (ყაზაიშვილი 63)

მწვრთნელი: ვილი სანიოლი

გიბრალტარი (4-3-3): კოლეინგი; ვისემანი, ბრიტო, ანესლი (მუეჰლი 66), ჩიპოლინა; რონანი (ტორილა 46), ლოპესი, ჯოლი (ვალარინო 66); უოლკერი (ერნანდესი 73), სტიხი (კუმბესი 46), კაშიარო

მწვრთნელი: ხულიო რიბასი

გოლები: 1:0 კვარაცხელია (12), 2:0 კაშია (33), 3:0 მიქაუტაძე (87), 4:0 ყაზაიშვილი (88)

გაფრთხილება: ჩაკვეტაძე (36), გიორბელიძე (44) - ჯოლი (32), ბრიტო (36), კაშიარო (80)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 27 (12) – 0 (0) ბურთის ფლობა: 63%-37% კუთხურები: 8:0 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: მორტენ კროგი (დანია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116328