ფეხბურთი

2:09 | 19.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნანატრი ევროტიტული 42 წლის შემდეგ: "აინტრახტი" ევროპა ლიგის გამარჯვებულია

ფრანკფურტის „აინტრახტი“ ევროპა ლიგის გამარჯვებულია. ოლივერ გლასნერის გუნდმა დრამატულ ფინალში „რეინჯერსი“ დაამარცხა და ნანატრი ევროტიტული მოიგო.

„აინტრახტს“ ბოლოს 42 წლის წინ, 1980 წელს ჰქონდა მოგებული უეფას თასი და როგორც იქნა, ისევ შეძლო ევროპული თასის დასაკუთრება. ბოლომდე იბრძოლა „რეინჯერსმაც“, რომელიც იგებდა და შეიძლება ითქვას, უფრო ახლოსაც იყო მოგებასთან, მაგრამ პენალტების სერიაში ვერაფერი გააწყო.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში შოტლანდიელებმა გახსნეს. 57-ე წუთზე არიბო მეკარესთან პირისპირ დარჩა და შანსი ხელიდან არ გაუშვია. გერმანელებს 12 წუთი დასჭირდათ გასათანაბრებლად და თავი რაფაელ ბორემ გამოიჩინა. ძირითად დროში არაფერი შეცვლილა და დამატებითი დრო დაინიშნა.

„აინტრახტი“ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ყველაზე მაგარი მომენტი „რეინჯერსმა“ 118-ე წუთზე შექმნა! რაიან კენტს 3 მეტრიდან შეეძლო გატანა, მაგრამ კევინ ტრაპმა სასწაული მოახდინა და თავისი გუნდი გარდაუვალ გოლს გადაარჩინა, ხოლო დამატებაზე შოტლანდიელებმა ბურთი კარს ააცილა. შედეგად, ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა, სადაც გერმანელებმა ხუთივე პენალტი გაიტანეს, გლაზგოელებმა კი - 4. ერთადერთი და გადამწყვეტი შეცდომა აარონ რემზიმ დაუშვა, რომელიც სწორედ თერთმეტმეტრიანის შესასრულებლად საგულდაგულოდ, 117-ე წუთზე შეიყვანეს თამაშში და სწორედ უელსელმა დაუშვა გადამწყვეტი შეცდომა.

ამრიგად, „აინტრახტმა“ ევროპა ლიგა ისტორიაში მეორედ მოიგო და მომდევნო სეზონში გერმანიას ჩემპიონთა ლიგაზე ხუთი წარმომადგენელი ეყოლება. აღსანიშნავია, რომ "აინტრახტმა" ევროპა ლიგა წაუგებლად მოიგო და მესამე გუნდია "ჩელსისა" და "ვილიარეალის" შემდეგ, რომელმაც ამის გაკეთება მოახერხა. "რეინჯერსმა" კი 2008 წლის შემდეგ ზედიზედ მეორედ წააგო ევროპა ლიგის ფინალში, თუმცა გლაზგოელები უდაოდ შექებას იმსახურებენ...

„აინტრახტი“ – „რეინჯერსი“ 1:1 პენ: 5:4 (0:0)

სევილია, „სანჩეს პისხუანი“

„აინტრახტი“ (3-4-2-1): ტრაპი; ტუტა (ჰასებე 59), ტურე, ნდიკა (ლენცი 100); კნაუფი, სოუ (ჰრუსტიჩი 106), როდე (იაკიჩი 90), კოსტიჩი; ლინდსტრომი (ჰაუგე 70), კამადა; ბორე

მწვრთნელი: ოლივერ გლასნერი

„რეინჯერსი“ (4-2-3-1): მაკგრეგორი; ტავერნიერი, გოლდსონი, ბასი, ბარიშიჩი (რუფი 117); ჯეკი (დევისი 74), ლუნდსტრომი; კენტი, რაიტი (საკალა 74, რემზი 117), კამარა (არფილდი 91); არიბო (სანდსი 101)

მწვრთნელი: ჯოვანი ვან ბრონხორსტი

გოლები: 0:1 არიბო (57), 1:1 ბორე (69)

გაფრთხილება: არიბო (62), რაიტი (73)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 22 (4) – 14 (6) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 11:1 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: სლავკო ვინჩიჩი (სლოვენია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120726