ფეხბურთი

17:29 | 12.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსია" შესაძლოა ბორდალასმა დატოვოს, მისი სავარაუდო შემცვლელი ცნობილია

ესპანური „ვალენსიადან“ შესაძლოა ხოსე ბორდალასი წავიდეს. აღნიშნულ ინფორმაცია მადრიდული გამოცემა Marca ავრცელებს.

წყაროს თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ბორდალასს კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს, კლუბის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა გაუფუჭდა, რადგან მისი სატრანსფერო მოთხოვნები არ შესრულდა. „ვალენსიას“ ალიკანტელი მწვრთნელის დათხოვნის შემთხვევაში კომპენსაციის სახით 700 ათასი ევროს გადახდა მოუწევს.

Marca იმასაც წერს, რომ ბორდალასის შემცვლელად 41 წლის ესპანელი სპეციალისტი დიეგო მარტინესი განიხილება, რომელიც ამჟამად უმუშევარია და სახელი „გრანადაში“ მუშაობით გაითქვა, რომელიც გასულ სეზონში ევროპა ლიგის მეოთხედფინალში გაიყვანა. მადრიდული გაზეთი წერს, რომ მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა.

აღსანიშნავია, რომ დიეგო მარტინესი იმ „გრანადას“ მთავარი მწვრთნელი იყო, რომლის წინააღმდეგ 2020 წლის სექტემბერში გიორგი მამარდაშვილმა თბილისის „ლოკომოტივის“ რიგებში შესანიშნავი თამაში ჩაატარა. რაც შეეხება ბორდალასს, ქართველ მეკარეს თავის გამოჩენის შანსი სწორედ მან მისცა. ამავდროულად, Eldesmarque წერს, რომ ბორდალასი „ვალენსიადან“ წასვლას არ აპირებს და კლუბს მომავალ სეზონშიც უხელმძღვანელებს. ინფორმაცია ესპანურ ვებგვერდს ბორდალასის გარემოცვამ დაუდასტურა.

შეგახსენებთ, „ვალენსია“ ლა ლიგაში 36 ტურის შემდეგ 44 ქულით მეათე ადგილზეა, ესპანეთის თასზე კი ფინალში „ბეტისთან“ დამარცხდა. გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 21 თამაში ჩაატარა და ცხრაჯერ კარის მშრალად შენახვა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109029