ჩოგბურთი

4:06 | 6.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნადალმა ოთხი მატჩ პოინტი მოიგერია და თამაში მოიგო

ტრავმის შემდეგ კორტზე დაბრუნება, რაფაელ ნადალისთვის იოლი არ გამოდგა. მართალია, მადრიდის ღია პირველობაზე პირველივე შეხვედრა ორ სეტში მოიგო, მაგრამ მეორეში წაგებამდე ერთი ნაბიჯი ოთხჯერ აშორებდა. თუმცა, გამოცდას გაუძლო და მეოთხედფინალში გავიდა.

ტურნირის მესამე წრეში მას სამ საათზე მეტი დასჭირდა ბელგიელი დავიდ გოფენის 6-3, 5-7, 7-6 (9) დასამარცხებლად. ესპანელმა, ვისაც დიდი სლემის 21 ტიტული აქვს მოპოვებული, თავის კარიერაში 1050-ე გამარჯვება მოიპოვა.

„ვიცოდი, რომ რთული ტურნირი მელოდა. ამ ორი თამაშის მოგება შესანიშნავი იყო და ეს უკვე კარგია“, - განაცხადა ნადალმა, ვისაც ექვსი კვირა ნეკნების სტრესული მოტეხილობის გამო გაუცდა.

პირველი სეტის მოგების შემდეგ, ნადალი მეორეშიც დაწინაურდა და მოგებასთანაც ახლოს იყო, მაგრამ 5-3-ზე გოფენმა საპასუხო ბრეიკი აიღო, რასაც მალე მეორეც მოაყოლა და სეტებში ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრის ბედი მესამე სეტის ტაიბრეიკმა გადაწყვიტა, სადაც ბელგიელს ოთხი მტჩ პოინტი ჰქონდა, მაგრამ ნადალი ოთხივეს დაუძვრა.

პირველი მატჩ პოინტი ეისით გაქვითა. მეორეზე გოფენმა ბურთი ბადეს მოარტყა. მომდევნო ორ შემთხვევაში, ნადალმა დროპ შოტებით მოიპოვა ქულები და შემდეგ შეხვედრას წერტილიც დაუსვა.

შეხვედრის შემდეგ ნადალმა აღიარა, რომ საუკეთესო ფორმაში არ არის, მაგრამ გამარჯვებამდე მისმა ბრძოლისუნარიანობამ მიიყვანა. ბოლომდე ვიბრძლე და ეს ის თვისებაა, რომელიც არ დამიკარგავსო, - განაცხადა ესპანელმა, ვისაც მეოთხედფინალში თავის თანამემამულესთან, თინეიჯერ ამომავალ ვარსკვლავ კარლოს ალკარასთან შეხვედრა მოუწევს.

ალკარასმა თავისი 19 წლის იუბილე, ბრიტანელ კამერონ ნორიესთან გამარჯებით (6-4, 6-7(4), 6-3) მოგებით აღნიშნა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129678