ფეხბურთი

1:43 | 5.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

უკვდავი "რეალი"! მეფე ფინალშია

„რეალის“ სული უკვდავია და არ არსებობს მისთვის გამოუვალი მდგომარეობა. მით უფრო მაშინ, როცა საქმე ჩემპიონთა ლიგას ეხება.

მადრიდულმა გრანდმა „მანჩესტერ სიტისთან“ საპასუხო ნახევარფინალური მატჩი წარმოუდგენელი სცენარით მოიგო და 2018 წლის შემდეგ პირველად ფინალში ითამაშებს!

ერთი კვირის წინ მანჩესტერში, „სიტიმ“ ულამაზეს შეხვედრაში 4:3 მოიგო, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ კი უფრო მშვიდად მიმდინარეობდა ყველაფერი, პეპ გვარდიოლას გუნდი აკონტროლებდა თამაშს და თითქოს საფრთხეც არ ემუქრებოდა. 73-ე წუთის მერე ხომ საერთოდ, როდესაც ბერნარდო სილვას ფანტასტიკური პასით რიად მაჰრეზმა გაიტანა და ინგლისური გუნდი დააწინაურა!

1:0 მანჩესტერელთა სასარგებლოდ, ორი მატჩის ჯამში 5:3 და ეს უკვე ფინალისკენ, რომელიც „სიტისთვის“ ზედიზედ მეორე იქნებოდა, დიდი ნაბიჯი იყო. მატჩის მიწურულს, ჯეკ გრილიში ორჯერ ძალიან ახლოს იყო გოლთან, მაგრამ ბურთი ჯერ ფერლან მენდიმ გამოიტანა ცარიელი კარიდან, მერე ტიბო კურტუამ კუთხურზე სასწაულებრივ მოიგერია.

და, სწორედ მაშინ, როცა ყველას ყველაფერი დასრულებული ეგონა, ვითარება თავდაყირა დადგა. 90-ე წუთზე კარიმ ბენზემას პასის მერე ყველას როდრიგომ დაასწრო და ანგარიში გაათანაბრა. „რეალი“ თამაშში დაბრუნდა, არ გასულა 1 წუთი და ისევ როდრიგო! ამჯერად ბრაზილიელმა თავით გაიტანა - 2:1.

„რეალი“ გაცოცხლდა და ყველაფერი თავიდან დაიწყო, დაინიშნა დამატებითი დრო, რომლის მეხუთე წუთზე მადრიდელებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს. ბურთთან კარიმ ბენზემა მივიდა და ზუსტადაც დაარტყა - 3:1. ეს უკვე სრულფასოვანი ქამბექი იყო. დარჩენილ დროში კარლო ანჩელოტის გუნდმა ეს ანგარიში შეინარჩუნა და ფინალში გავიდა.

ამრიგად, 28 მაისს, პარიზში, მადრიდის „რეალი“ და „ლივერპული“ შეხვდებიან. სწორედ ის გუნდები, რომლებიც 2018 წელს ფინალში უკვე შეხვდნენ და ისინი, ვინც 1981 წელს სწორედ პარიზში დაუპირისპირდნენ ჩემპიონთა თასის ფინალში. სხვათა შორის, „რეალს“ ბოლო ფინალი სწორედ „ლივერპულთან“ ხსენებულ 1981 წელს აქვს წაგებული, მეორეს მხრივ ბოლო ფინალიც მერსისაიდელთა წინააღმდეგ მოიგო (2018 წელს).

კარლო ანჩელოტი ჩემპიონთა ლიგის ფინალში მეხუთედ გავიდა და გააუმჯობესა მარჩელო ლიპის, სერ ალექს ფერგიუსონისა და იურგენ კლოპის მიღწევა, რომელთა აქტივში ჩემპიონთა ლიგის 4-4 ფინალია. როდრიგოზეც უნდა ვთქვათ - ის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში 90-ე წუთის შემდეგ ორი გოლი გაიტანა. კარიმ ბენზემამ პლეი-ოფში 10 გოლი გაიტანა და კრიშტიანუ რონალდუს 2016-2017 წლების სეზონში დამყარებული რეკორდი გაიმეორა. ამასთან, ფრანგს 15 გოლი აქვს მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი და რონალდუს რეკორდული მაჩვენებელი რომ გაიმეოროს (სეზონში 17 გოლი), ფინალში დუბლის შესრულება სჭირდება.

„მანჩესტერ სიტისთვის“ ევროსარბიელზე ეს სეზონი ისევ იმედგაცრუება გამოდგა, პეპ გვარდიოლას გუნდმა საკმაო უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, არა მარტო ანგარიშის კუთხით, არამედ სათამაშო თვალსაზრისით. „რეალზე“ რა უნდა ვთქვათ, ფაქტია, ეს გუნდი უკვდავია. მადრიდულმა გრანდმა პლეი-ოფში უმძიმესი გზა გაიარა - პსჟ, "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი", წინ კი "ლივერპულია".

„რეალი“ – „მანჩესტერ სიტი“ 3:1 დ.დ (0:0) - ორი მატჩის ჯამში: 6:5

მადრიდი, „სანტიაგო ბერნაბეუ“

„რეალი“ (4-3-3): კურტუა; კარვახალი, მილიტაო (ვალიეხო 115), ნაჩო, მენდი; კროოსი (როდრიგო 68), კაზემირო (ასენსიო 75), მოდრიჩი (მოდრიჩი 75); ვალვერდე, ბენზემა (სებალიოსი 104), ვინისიუსი (ლუკას ვასკესი 115)

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

„მანჩესტერ სიტი“ (4-3-3): ედერსონი; უოლკერი (ზინჩენკო 72), რუბენ დიაში, ლაპორტი, ჟოაო კანსელო; ბერნარდო სილვა, როდრი (სტერლინგი 99), დე ბრუინი (გიუნდოგანი 72); მაჰრეზი (ფერნანდინიო 85), გაბრიელ ჟეზუში (გრილიში 78), ფოდენი

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

გოლი: 0:1 მაჰრეზი (73), 1:1 როდრიგო (90), 2:1 როდრიგო (90), 3:1 ბენზემა (95, პენ)

გაფრთხილება: მოდრიჩი (9), კარვახალი (65), მილიტაო (84), ვალვერდე (90) - ლაპორტი (9), სტერლინგი (101), ზინჩენკო (113)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (5) – 15 (9) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 3:9 თამაშგარე: 3:3

მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.183666