ფეხბურთი

23:06 | 1.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

სკუდეტოსთვის ბრძოლა ისევ დაძაბულია, მაგრამ მას "მილანი" უახლოვდება

იტალიის სერია A-ს XXXV ტურმა სკუდეტოსთვის ბრძოლაში ყველაფერი ისე დატოვა, როგორც ამ ტურამდე იყო.

„მილანმაც“ მოიგო და „ინტერმაც“, შესაბამისად, საჩემპიონო დუელი გრძელდება და როგორც ჩანს, ბოლო ტურამდე არაფერი იქნება გარკვეული.

„მილანმა“ შინ ფლორენციის „ფიორენტინას“ 1:0 მოუგო. მატჩის ბედი რაფაელ ლეაომ გადაწყვიტა, რომელმაც 82-ე წუთზე გაიტანა და პირთამდე სავსე „სან სირო“ გააგიჟა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გოლი, რამაც შესაძლოა ბევრი რამ გადაწყვიტოს. ფაქტია, „მილანმა“ 77 ქულა დააგროვა, 2-ქულიანი ჰანდიკაპი შეინარჩუნა და მომდევნო სამ ტურში შეუძლია საკუთარ თავს 1 ფრის უფლება მისცეს, რადგან 7 ქულას თუ მოიპოვებს და სეზონს 84 ქულით დაასრულებს, ნებისმიერ შემთხვევაში ჩემპიონი გახდება. ცნობისთვის, „მილანს“ სკუდეტო 2011 წლის შემდეგ არ მოუგია.

„ინტერი“ ბრძოლაში „უდინეზესთან“ საგარეო გამარჯვებით დარჩა. სიმონე ინძაგის გუნდი ჯერ ივან პერიშიჩმა დააწინაურა, მერე ლაუტარო მარტინესმა უპირატესობა ორამდე გაზარდა. მეორე ნახევარში „ინტერმა“ ერთი გაუშვა, მაგრამ გამარჯვებამდე საქმე მაინც მიიყვანა და 75 ქულით მეორე პოზიციაზეა. სეზონის ფინიშამდე სამი ტური რჩება, ფურცელზე „მილანს“ უფრო რთული კალენდარი აქვს, მაგრამ როგორც ვთქვით, „როსონერის“ ჩემპიონობისთვის 2 მოგება და 1 ფრეც ეყოფა. მოკლედ, წინ საინტერესო ამბები გველოდება.

ჩემპიონთა ლიგის საგზურისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა „იუვენტუსმა“, რომელმაც ღრმა აუტსაიდერ „ვენეციას“ 2:1 მოუგო. ძალიან ცუდად ითამაშეს ტურინელთა შემტევებმა, მაგრამ სამაგიეროდ, გაიბრწყინა ლეონარდო ბონუჩიმ. იტალიელ მცველს დაბადების დღე ჰქონდა საკუთარ თავს შესანიშნავი საჩუქარი გაუკეთა - დუბლი შეასრულა! „იუვეს“ 69 ქულა აქვს და ჩემპიონთა ლიგის საგზური უკვე მოიპოვა, რადგან "რომამ" "ბოლონიას" ვერ მოუგო და ჩამორჩენა 10 ქულაა.

ამრიგად, ცნობილია ოთხივე გუნდი, რომლებიც მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იტალიას წარმოადგენენ - "მილანი", "ინტერი", "ნაპოლი" და "იუვენტუსი".

„იუვენტუსი“ – „ვენეცია“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ბონუჩი (7), 1:1 არამუ (71), 2:1 ბონუჩი (76)

„მილანი“ – „ფიორენტინა“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ლეაო (82)

„ემპოლი“ – „ტორინო“ 1:3 (0:0)

გოლები: 10 ზურკოვსკი (56), 1:1 ბელოტი (78, პენ), 1:2 ბელოტი (87, პენ), 1:3 ბელოტი (90)

„უდინეზე“ – „ინტერი“ 1:2 (0:2)

გოლები: 0:1 პერიშიჩი (12), 0:2 ლაუტარო მარტინესი (39), 1:2 პუსეტო (72)

0.129327