ფეხბურთი

1:27 | 28.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერის" სენსაციური მარცხი და ახლა ყველაფერი "მილანის" ხელშია

„მილანი“ სერია A-ს ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა! სერია A-ში კორონავირუსის გამო ჯერ კიდევ იანვარში გადადებული სამი შეხვედრა გაიმართა, რომელთაგან ერთ-ერთში „ინტერმა“ ითამაშა და წააგო.

მილანურ გრანდი „ბოლონიას“ ესტუმრა, რომელთანაც მიმდინარე საუკუნეში სტუმრად წაგებული არ ჰქონდა, მაგრამ სწორედ იმ დროს დაუცდა ფეხი, როცა ეს ყველაზე ნაკლებად იყო მოსალოდნელი. სიმონე ინძაგის გუნდი გამარჯვების შემთხვევაში „მილანს“ გადაასწრებდა და გალიდერდებოდა, მაგრამ უქულოდ დარჩა!

„ნერაძური“ უკვე მესამე წუთზე დაწინაურდა, როცა ივან პერიშიჩმა გაიტანა, მაგრამ პირველი ტაიმის შუაში მარკო არნაუტოვიჩმა გაათანაბრა, ხოლო 81-ე წუთზე მილანელთა სათადარიგო მეკარე იონუც რადუ უხეშად შეცდა. მან თანაგუნდელის მიერ აუტიდან დაბრუნებული ბურთი კარის წინ ვერ გააჩერა და ნიკოლა სანსონემ ცარიელ კარში გაიტანა! „ბოლონიამ“ „ინტერი“ დაამარცხა და „მილანი“ ძალიან გაახარა.

ამრიგად, „მილანი“ თანაქალაქელს ისევ 2 ქულით უსწრებს და ახლა ორივე გუნდს ერთნაირი რაოდენობის მატჩები აქვთ ჩატარებული. წინ კიდევ 4 ტურია და ყველაფერი „მილანის“ ხელშია. უფრო მეტიც, დარჩენილ ტურებში „მილანს“ ერთი ფრის უფლებაც აქვს, რომ 11-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტო მოიგოს.

კიდევ ორ გამართულ მატჩს რაც შეეხება, სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით ბევრს არაფერს წყვეტდა. „ფიორენტინამ“ შინ „უდინეზესთან“ 0:4 წააგო, ხოლო „ატალანტამ“ „ტორინოსთან“ ფრედ, 4:4 ითამაშა.

„ატალანტა“ – „ტორინო“ 4:4 (2:2)

გოლები: 0:1 სანაბრია (4), 1:1 მურიელი (18, პენ), 2:1 დე რუნი (23), 2:2 ლუკიჩი (36, პენ), 2:3 ლუკიჩი (63, პენ), 2:4 ფროილერი (67, ა.გ), 3:4 პაშალიჩი (78), 4:4 მურიელი (84, პენ)

„ბოლონია“ – „ინტერი“ 2:1 (1:1)

გოლები: 0:1 პერიშიჩი (3), 1:1 არნაუტოვიჩი (28), 2:1 სანსონე (81)

„ფიორენტინა“ – „უდინეზე“ 0:4 (0:2)

გოლები: 0:1 მარი (12), 0:2 დეულოფეუ (36), 0:3 უოლასი (90), 0:4 უდოჯი (90)

0.116417