ფეხბურთი

20:46 | 16.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპული“ ინგლისის ასოციაციის თასის პირველი ფინალისტია

მსოფლიოს უძველესი საფეხბურთო ტურნირის, ინგლისის ასოციაციის თასის ნახევარფინალში, ლეგენდარულ „უემბლიზე,“ „ლივერპულმა „მანჩესტერ სიტის“ 3:2 მოუგო და პირველი ნახევარფინალისტი გახდა. 2012 წლის შემდეგ, „წითლები“ პირველად ითამაშებენ პრესტიჟული თასის ფინალში.

„ლივერპულისა“ და „სიტის“ ორივე მატჩი მიმდინარე პრემიერლიგაში იდენტური ანგარიშით - 2:2 დასრულდა. ამჯერად კი იურგენ კლოპის ბიჭებმა იმარჯვეს.

პირველ ტაიმში ისინი შეუჩერებელნი იყვნენ. ანგარიში იბრაჰიმა კონატემ გახსნა კუთხურს მოყოლებული ეფექტური თავურით, მერე „ქალაქელთა“ ამერიკელმა მეკარემ, ზაკ სტეფენმა დაუშვა უხეში შეცდომა, რომელიც სადიო მანემ არ აპატია. ტაიმის მიწურულს კი სენეგალელმა დუბლი მიითვალა.

მეორე ტაიმი მანჩესტერელი ჯეკ გრილიშის გოლით დაიწყო, რომელმაც სიტუაცია ოდნავ დაძაბა. თუმცა „სიტიმ“ ვერ მოახერხა თამაშის სადავეების ხელში ჩაგდება და ბერნარდუ სილვას მეორე საპასუხო გოლი უკვე აღარაფერს ნიშნავდა, დრო აღარ იყო.

იურგენ კლოპი ძალიან ხარობდა. მისი ხელმძღვანელობით ხომ „ლივერპული“ პირველად გავიდა ასოციაციის თასის ფინალში.

„ვამაყობ ჩემი გუნდით. პირველი ტაიმი ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რომელიც გუნდს ჩემი თავკაცობით უთამაშია. ყველაფერი სწორად გავაკეთეთ და საჭირო მომენტებში გავიტანეთ. ძალიან მიყვარს ამ ტაიმის ყოველი წამი.“ - უთხრა შემდეგ გერმანელმა სპეციალისტმა ჟურნალისტებს.

მეორე ნახევარფინალურ მატჩში „ჩელსი“ „კრისტალ პალასს“ შეხვედება 17 აპრილს, ასევე „უემბლიზე.“

ინგლისის ასოციაციის თასი

ნახევარფინალი. 16 აპრილი. ლონდონი. „უემბლი“

სიტი - ლივერპული 2:3

0:1 კონატე (9), 0:2,0:3 მანე (17, 45), 1:3 გრილიში (47), 2:3 ნერნაფრდუ სილვა (90+1)

სიტი: სტეფენი, კანსელუ, სტოუნზი, აკე, ზინჩენკო, ფერნანდინიო, ბერნარდუ სილვა, გრილიში, ფოდენი, სტერლინგი, ჟეზუსი (მაჰრეზი 83)

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

ლივერპული: ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი, კონატე, ვან დეიკი, რობერტსონი, ფაბინიო, ალკანტარა (ჯონსი 87), კეიტა (ჰენდერსონი 73), დიასი (ფირმინო 85) , მანე (ჟოტა 85), სალაჰი

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

მსაჯი: მაიკლ ოლივერი

გაფრთხილება: ჟეზუსი (27), ფერნანდინიო (57); ფაბინიო (37), კეიტა (48), მანე (61)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114069