ჭიდაობა

21:40 | 3.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: საქართველოს 2 ვერცხლის მედალი ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღეს

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომლის ბოლო საშეჯიბრო დღეს საქართველოს 2 ოქროს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა, მაგრამ ქართველმა მოჭიდავეებმა ორივე ფინალი წააგეს და ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ.

72 კგ წონით კატეგორიაში შმაგი ბოლქვაძემ სლოვაკი ლეოს დრმოლა (8:0) და ლიეტუველი კრისტუპას სლეივა (5:2) დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ულვი განიზადეს გაეჯიბრა, რომელიც დაამარცხა, თუმცა ფინალში უნგრელ რობერტ ატილა ფრიტშთან 2:3 წააგო და ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ ვერ გახდა.

82 კგ წონით კატეგორიაში გელა ბოლქვაძემ უკრაინელი იაროსლავ ფილჩაკოვი 4:1 და თურქი ბურჰან აკბუკადი (5:5) დაამარცხა, ნახევარფინალში მისი მეტოქე გერმანელი პასკალ ეისელე იყო, რომლის წინააღმდეგ იმარჯვა და ოქროს მედლისთვის აზერბაიჯანელ რაფიგ ჰუსეინოვს შეხვდა, მაგრამ 1:2 დამარცხდა ვერცხლის მედალს დასჯერდა.

67 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა რამაზ ზოიძეს, რომელმაც შვეიცარიელ ანდრეას ვეტშს 9:0 მოუგო, თუმცა მეოთხედფინალში უნგრელ კრისტიან ვანჩშასთან 2:10 წააგო და ოქროს მედლისთვის ბრძოლა შეწყვიტა, მაგრამ რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც პირველი შეხვედრა მოლდოველ დონიორ ისლამოვთან 8:0 მოუგო, მაგრამ ბრინჯაოსთვის ბრძოლა სომეხ სლავიკ გალსტიანთან 3:6 დათმო და უმედლოდ დარჩა.

შედეგად, საქართველოს ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 5 მედლით (1 ოქრო, 3 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) დაასრულა. შმაგი და გელა ბოლქვაძეებამდე, ოქროს ლერი აბულაძე, ვერცხლს ნუგზარ წურწუმია, ხოლო ბრინჯაოს რობერტ კობლიაშვილი დაეუფლა.

შეგახსენებთ, მანამდე ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში გაიმართა, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა 6 მედალი მოიპოვა - 1 ოქრო (ზურაბ იაკობიშვილი), 1 ვერცხლი (გენო პეტრიაშვილი) და 4 ბრინჯაო (ბექა ბუჯიაშვილი, გიორგი სულავა, ვლადიმერ გამყრელიძე, მირიან მაისურაძე).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11813