ფეხბურთი

23:35 | 29.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

რეია: "ვიცოდით, რომ საქართველო ძლიერი გუნდი იყო, ისინი დაცვაში სივრცეებს არ ტოვებენ"

ალბანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედოარდო რეიამ საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ (0:0) კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, საქართველო ძლიერი გუნდია, რომელიც დაცვაში კარგად თამაშობს და ბევრ სივრცეს არ ტოვებს.

„ასეთ გუნდებთან თამაში რთულია, რადგან დაცვაში არ იხსნებიან, გუნდურად თამაშობენ და ფიზიკურად ძლიერები არიან. თუ 2-3 მომენტს ვერ გამოიყენებ, მატჩი გართულდება. გვაკლდა ინტენსივობა, რადგან ფეხბურთელებს კვირის ბოლოს კლუბებში მატჩები აქვთ და თითქოს დუელებში ბრძოლას ერიდებოდნენ.

ეს, ის გუნდია, რომელმაც ბოსნია დაამარცხა და მასთან თამაში რთულია. ვიცოდით, რომ ძლიერი გუნდი იყო. ესპანეთთან მატჩის შემდეგ გუნდის დამუხტვა გარკვეულწილად რთული გახლდათ. ბოლო 20 წუთში ვცდილობდით გოლის გატანას, მაგრამ არ გამოგვივიდა. ასეთი გუნდები ძალიან ცოტა სივრცეს ტოვებენ და ამიტომაც გაგვიჭირდა“, - თქვა რეიამ.

საქართველოს ნაკრებს 5 მატჩია არ წაუგია (4 მოგება, 1 ფრე), ხოლო ბოლოს გოლი ოქტომბერში, კოსოვოსთან პირველი ტაიმის ბოლოს გაუშვა და მას მერე 4 თამაში და 1 ტაიმია კარს მშრალად ინახავს.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 2 ივნისს, გიბრალტარის ნაკრებთან ჩაატარებს და სწორედ ამ თამაშით დაიწყებს ერთა ლიგის ახალ სეზონს. ზოგადად, ვილიო სანიოლის გუნდს ივნისში ოთხი თამაში ელოდება და გიბრალტარის გარდა, ბულგარეთს ორჯერ (5 და 12 ივნისს), ერთხელაც ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება (9 ივნისი).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129763