ფეხბურთი

20:59 | 28.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კვეკვესკირი: "შედეგი მნიშვნელოვანია, რადგან ქართველი ხალხის გახარება გვინდა"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ნიკა კვეკვესკირმა ალბანეთთან ამხანაგურ მატჩამდე ისაუბრა. როგორც გამოცდილმა ნახევარმცველმა აღნიშნა, გუნდი ერთა ლიგისთვის ემზადება და უნდათ, რომ პოზიტიური სერია შეინარჩუნონ, რომელიც ბოლო მატჩებში აქვთ.

"ალბანეთის შესახებ ყველას კარგად მოგვეხსენება. საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი თამაშობს ევროპის წამყვან ჩემპიონატებში და მათ ზედმეტი წარდგენა არ სჭირდება. ჩვენი მიზანია ერთა ლიგისთვის მოვემზადოთ და ეს ბოლო გენერალური რეპეტიცია იქნება. მთავარია, გუნდმა გააგრძელოს ის წარმატებული სერია, რომელიც გვაქვს, შევინარჩუნოთ ეს პოზიტიური ენერგია. ხვალინდელი თამაში მნიშვნელოვანია, რადგან ეროვნული ნაკრებში შედეგი არასდროს არის მეორეხარისხოვანი და თითოეულ ფეხბურთელს სურს ბოლომდე დაიხარჯოს და გაახაროს ქართველი გულშემატკივარი და მთელი ქვეყანა", - აღნიშნა კვეკვესკირმა.

ალბანეთის ნაკრებმა ორი დღის წინ სტუმრად ესპანეთის ნაკრებთან ითამაშა და 1:2 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ გოლი მირტო უზუნიმ გაიტანა, რომელიც ხვალ არ ითამაშებს. ალბანეთისა და საქართველოს ნაკრების ამხანაგური მატჩი 29 მარტს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

საქართველოს ნაკრებს, რომელსაც ზედიზედ ოთხი თამაში აქვს მოგებული, ალბანეთთან ისტორიაში 13-ჯერ უთამაშია, საიდანაც 7 გამარჯვება მოიპოვა, 3-ჯერ დამარცხდა და 3 მატჩი ფრედ დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108919