ფეხბურთი

23:43 | 26.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე: "წარმოუდგენელი გრძნობაა ამ მაისურით თამაში და გოლის გატანა" (+VIDEO)

გოლი „რეინჯერსის“ მაისურით „აიბროქსზე“ 17-წლიანი პაუზის შემდეგ. შოთა არველაძემ ლეგენდების მატჩში ითამაშა, რომელშიც „რეინჯერსი“ და ლუიშ ფიგუს გუნდი დაუპირისპირდნენ და ანგარიშიც გახსნა.

არველაძემ 39-ე წუთზე რონალდ დე ბურის ფლანგური პასის მერე თავური დარტყმით ვარდნაში ძალიან მაგარი გოლი შეაგდო. პირველი ტაიმი ასეც დასრულდა, მეორე ტაიმში კი ფიგუს გუნდი უკეთ ათამაშდა, ჯერ კარლოს მარჩენამ გაიტანა, მერე ნუნუ გომეშმა და რიკარდო კუარეჟმამ. საბოლოო ანგარიში პოლ გასკოინმა დააფიქსირა, რომელსაც მეტოქეები დაეხმარნენ. საბოლოოდ, „რეინჯერსი“ 2:3 დამარცხდა. თამაში გლაზგოური გუნდის დაარსების 150 წლისთავს მიეძღვნა და საქველმოქმედო ხასიათიც ჰქონდა.

„ბედნიერი ვარ, რომ დღეს „აიბროქსზე“ დავბრუნდი ლეგენდების მატჩში. წარმოუდგენელი გრძნობაა ამ მაისურით კიდევ ერთხელ თამაში და გოლის გატანა. გულშემატკივრებისგან საოცარი ენერგია იგრძნობოდა. მადლობა რონალდ დე ბურს ამ შესანიშნავი პასისთვის“, - წერს შოთა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, შოთა არველაძე „რეინჯერსში“ 2001-2005 წლებში ირჯებოდა და 132 შეხვედრაში 57 გოლი გაიტანა.

0.114658