ფეხბურთი

17:30 | 17.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე: "დიდი მნიშვნელობის 3 ქულა მოვიპოვეთ და ალბათ, საუკეთესო თამაში გვქონდა"

„ჰალ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ „ქოვენთრი სიტისთან“ გამარჯვების (2:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც ქართველმა სპეციალისტმა აღნიშნა, თავისი გუნდის თამაშით ძალიან კმაყოფილია და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვეს.

„ნამდვილად ძალიან კმაყოფილი ვარ და მიხარია, რომ ვნახე გუნდი, რომელიც პირველიდან ბოლო წუთამდე ფეხზე იდგა. პირველ ტაიმში შესანიშნავად ვითამაშეთ, შანსები შევქმენით და გოლები გავიტანეთ, მეორე ნახევარში კი თავს გუნდურად ვიცავდით. მშვენიერი იმის ნახვაც, რომ გუნდმა თამაშში გადაიტანა ის, რასაც ვარჯიშებზე ვამუშავებდით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულაა და შეიძლება საუკეთესო თამაშიც გვქონდა.

რიჩი სმოლვუდი მოედანზე ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. ის გუნდს ხელმძღვანელობს, ერთგვარად, მოედანზე მწვრთნელია. ის ყოველ თამაშში გამოუცდელ ფეხბურთელებს წინ მიუძღვება. გოლი, რომელიც „ქოვენთრის“ არ ჩაუთვალეს? ვიდეოში, რომელიც ვნახე, ჩანს, რომ გოლი არ იყო და პლუს, ტექნოლოგიამაც ეს დაადასტურა.

სტუმრად უკეთ ვთამაშობთ, ვიდრე შინ, მაგრამ არ მგონია, რომ ეს ფსიქოლოგიური პრობლემა იყოს. საკუთარ მოედანზე უფრო მეტი წნეხი გვაქვს, მაგრამ ეს თამაში ფანებისთვის კარგი მესიჯი გახლდათ, რომ სტადიონზე დაბრუნდნენ და მხარი დაგვიჭირონ“, - თქვა არველაძემ.

შეგახსენებთ, ეს იყო „ჰალის“ მესამე გამარჯვება მას შემდეგ, რაც გუნდში არველაძე მუშაობს და სხვათა შორის, მეორე სტუმრად. ქართველი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ინგლისური გუნდის შედეგი ამ დროისთვის ასეთია: 11 მატჩი, 3 მოგება, 3 ფრე და 5 წაგება. „ჰალ სიტის“ 38 თამაშში 41 ქულა აქვს და მე-19 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 19 მარტს, შინ „ლუტონთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110852