ფეხბურთი

2:10 | 6.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

რომაელები ჩემპიონთა ლიგის საგზურითვის ბრძოლაში დაბრუნდნენ

იტალიის სერია A-ში მეოთხე ადგილისთვის ბრძოლა დაიძაბა. რომაულმა კლუბებმა XXVIII ტურში მნიშვნელოვანი მატჩები მოიგეს და ოთხეულს მიუახლოვდნენ.

„რომამ“ უშუალო კონკურენტ „ატალანტას“ უმასპინძლა, რომელიც აშკარად კრიზისშია, რადგან ბოლო 10 ტურში მხოლოდ ორჯერ მოიგო. ჯანპიერო გასპერინის გუნდმა ამჯერად დედაქალაქში წააგო და სიტუაცია კიდევ უფრო გაირთულა. „ჯალოროსიმ“ ტამი აბრაჰამის გოლით მოიგო, რომელსაც ნიკოლო ძანიოლომ შესანიშნავი პასი გაუკეთა და როგორც გაირკვა, გამარჯვების გოლი გაიტანა. „რომამ“ 47 ქულა დააგროვა და „ატალანტას“ გაუთანაბრდა, მაგრამ თამაშით ნაკლებიც აქვს ჩატარებული.

რომის „ლაციომ“ სარდინიაზე „კალიარის“ იოლად, 3:0 აჯობა და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას მაურიციო სარის გუნდიც აგრძელებს. „არწივებს“ 46 ქულა აქვთ და „იუვენტუსს“ 4 ქულა აშორებთ, მაგრამ ტურინული გრანდი ამ ტურის შეხვედრას კვირას ჩაატარებს.

კვირას სერია A-ში მთავარი თამაში ნეაპოლში შედგება, სადაც სკუდეტოს მაძიებლები, „ნაპოლი“ და „მილანი“ დაუპირისპირდებიან.

„უდინეზე“ – „სამპდორია“ 2:1 (2:1)

გოლები: 1:0 დეულოფეუ (3), 2:0 უდოჯიე (12), 2:1 კაპუტო (13)

„რომა“ – „ატალანტა“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 აბრაჰამი (32)

„კალიარი“ – „ლაციო“ 0:3 (0:2)

გოლები: 0:1 იმობილე (19, პენ), 0:2 ლუის ალბერტო (42), 0:3 ფელიპე ანდერსონი (62)

თეგებისერია A
0.141298