ფეხბურთი

2:12 | 28.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" სერია A-ს სათავეში "მილანთან" ერთად მოექცა

იტალიის სერია A-ს XXVII ტურის შემდეგ ორი ლიდერი ჰყავს - „მილანს“ „ნაპოლი“ დაეწია და ორხელისუფლიანობაა.

ლუჩანო სპალეტის გუნდმა კარგად ისარგებლა „მილანისა“ და „ინტერის“ წაფორხილებით, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, მას უფრო რთული მეტოქე ჰყავდა. ნეაპოლიტანელებმა რომში, „ლაციოს“ 2:1 მოუგეს. ლორენცო ინსინიეს გოლი პედრომ 88-ე წუთზე გაქვითა და მატჩი ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლო, მეოთხე წუთზე ფაბიან რუისმა გამარჯვების გოლი გაიტანა. შედეგად, „ნაპოლიმ“ 57 ქულა დააგროვა და „მილანს“ გაუთანაბრდა, ხოლო „ინტერი“ 55 ქულით მესამე ადგილზეა, თუმცა, თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ჟოზე მოურინიოს „რომამ“ უმძიმესი გამარჯვება მოიპოვა სტუმრად „სპეციასთან“, თან მთელი მეორე ტაიმი რიცხობრივ უპირატესობაში ითამაშა, მაგრამ გამარჯვების გოლი მხოლოდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-9 წუთზე გაიტანა! ნიკოლო ძანიოლოზე თამაშის წესი მასპინძლებმა საჯარიმოში დაარღვიეს და პენალტი ტამი აბრაჰამმა ზუსტად დაარტყა. „რომამ“ 44 ქულა დააგროვა და ჩემპიონთა ლიგის ზონას 6 ქულით ჩამორჩება.

უნდა გამოვარჩიოთ დიეგო სიმეონეს ვაჟის, ჯოვანი სიმეონეს ბრწყინვალე თამაში, რომელმაც „ვენეციასთან“ ჰეთ-თრიქი შეასრულა და თავის გუნდს 3:1 მოაგებინა. სხვათა შორის, სიმეონემ 2022 წელს პირველი გოლები გაიტანა და ბომბარდირთა დავაში 15 გოლით მხოლოდ დუშან ვლაჰოვიჩსა და ჩირო იმობილეს ჩამორჩება.

სერია A-ს 27-ე ტური ორშაბათს, ბერგამოს „ატალანტასა“ და გენუის „სამპდორიას“ მატჩით დასრულდება.

„ტორინო“ – „კალიარი“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 ბელანოვა (21), 1:1 ბელოტი (54), 1:2 დეიოლა (62)

„ვერონა“ – „ვენეცია“ 3:1 (0:0)

გოლები: 1:0 სიმეონე (54), 2:0 სიმეონე (63), 2:1 ოკერეკე (81), 3:1 სიმეონე (88)

„სპეცია“ – „რომა“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 აბრაჰამი (90, პენ)

„ლაციო“ – „ნაპოლი“ 1:2 (0:0)

გოლები: 0:1 ინსინიე (62), 1:1 პედრო (88), 1:2 ფაბიან რუისი (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122362