ფეხბურთი

19:45 | 27.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძის დუბლი უნგრეთის ჩემპიონატში და მხარდაჭერა უკრაინას (+VIDEO)
გიორგი ბერიძემ საგოლე პასი მიითვალა და პენალტი ვერ გაიტანა

უნგრეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში „უიპეშტმა“ „მეზოკოვეშდი“ 3:1 დაამარცხა და ბუდუ ზივზივაძემ დუბლი შეასრულა!

27 წლის ქართველმა ფორვარდმა „უიპეშტმა“ სულ რაღაც მეორე მატჩი ჩაატარა და ორჯერვე მოედნიდან უგოლოდ არ გასულა. აღსანიშნავია, რომ მან ორივე შეხვედრაში თავის ყოფილ გუნდებს გაუტანა. თუ წინა ტურში „ფეჰერვართან“, საიდანაც სეზონის ბოლომდეა განათხოვრებული, ერთ გოლს დასჯერდა, ახლა „მეზოკოვეშდი“ ორჯერ დაამწუხრა და ის ამ გუნდის ღირსებასაც იცავდა.

ბუდუმ ანგარიში 35-ე წუთზე ახლო მანძილიდან გახსნა. გოლი კარგ კომბინაციას მოჰყვა, რომელიც გიორგი ბერიძემ დაიწყო. 53-ე წუთზე კი ლამაზი გოლი შეაგდო და ანგარიში 2:1 გახადა. ბუდუმ შეუცვლელად ითამაშა, მას „უიპეშტში“ 2 მატჩში 3 გოლი აქვს, მანამდე კი „ფეჰერვარში“ 12 შეხვედრაში თავი ორჯერ გამოიჩინა.

88-ე წუთამდე ითამაშა გიორგი ბერიძემ და გოლის გატანა მასაც შეეძლო, მაგრამ 66-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა. თუმცა, 85-ე წუთზე საგოლე პასი გააკეთა და მიროსლავ ბიელოშმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. გიორგის აქტივში მიმდინარე სეზონში 9 გოლია. ორივე ქართველმა ფეხბურთელმა უკრაინის მხარდასაჭერად ამავე ქვეყნის დროშის ხელსახვევით ითამაშეს.

„უიპეშტმა“ 24 ქულა დააგროვა და ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ გასავარდნი ზონა დატოვა. მომდევნო მატჩს უნგრული კლუბი 5 მარტს, „პუშკაშ აკადემიას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118827