რაგბი

11:31 | 27.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | აია 17:3 იუნკერები

ქუთაისის ‘აიამ’ მე-6 ტურის გადადებულ მატჩში კიკეთის ‘იუნკერებს’ 17:3 სძლია და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე დაწინაურდა.

ქუთაისში თამაში ატალახებულ მოედანზე გაიმართა, რის გამოც ხშირი იყო ტექნიკური წუნი და სანახაობრივი მხარე დაზარალდა. სანამ შოთა თევზაძე მატჩის დაწყების ნიშანს მისცემდა, „აია არენაზე“ შეკრებილმა მორაგბეებმა, მატჩის ოფიციალურმა პირებმა და გულშემატკივრებმა, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.

‘აია’ დებიუტშივე დაწინაურდა. მარჯვენა ფრთაზე აგორებულ მოლს ფორვარდების რამდენიმე დარტყმა მოყვა, მერე ბურთი მარცხენა ფრთაზე ჩათამაშდა და გიორგი აბრამიძემ ლელო გაიტანა, გიორგი ბაბუნაშვილმა კი გარდასახა. ‘იუნკერებმა’ შეძლო ბურთზე კონტროლის დამყარება და ტერიტორიული უპირატესობის მოპოვება, მაგრამ შეცდომებმა მათი ქულებში რეალიზაციის საშუალება არ მისცა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძლებმა კარის წინ დაახლოებით 25 მეტრში ჯარიმა გამოიმუშავეს და ბაბუნაშვილმა მონაგარს 3 ქულა შემატა. 58-ე წუთზე ‘აიამ’ ბებუნი კუხიანიძე ყვითელი ბარათით დაკარგა და ლუკა მატკავამ ჯარიმა გაქვითა, მაგრამ 67-ე და 69-ე წუთებზე სტუმრებმა ყვითელი ბარათით გიორგი ტყეშელაშვილი და ნიკოლოზ მარჯანიშვილი დაკარგეს.

13-კაციანმა ‘იუნკერებმა’ თავის დაცვა შეძლო, მერე ყვითელი ბარათი გიორგი ქიმუცაძემ მიიღო, თუმცა მატჩის მიწურულს ქულები ისევ ‘აიამ’ აიღო, კონტრშეტევის შემდეგ, ბაბუნაშვილმა მეტოქის მოშიშვლებულ 22-ში ფეხით გადაკიდა ბურთი, ის ცოტნე კვესელავამ აიღო, შებოჭილმა მირიან მოდებაძეს ოფლოუდი ამოუგდო და მისი ლელო ბაბუნაშვილმა გარდასახა.

დიდი 10-ის ცხრილი გასწორდა და ‘აიას’ 11 თამაშის შემდეგ 28 ქულა აქვს, ‘იუნკერები’ კი 10 ქულით ბოლოსწინა მე-9 ადგილზე რჩება. მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი ბაბუნაშვილი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114108