ფეხბურთი

23:42 | 19.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

„სიტიმ“ - წააგო, „ლივერპულმა“ ისევ მოიგო - პრემიერლიგაში ინტრიგა დაბრუნდა

ფანტასტიკური მატჩით დასრულდა პრემიერლიგის შაბათის სათამაშო დღე. „მანჩესტერ სიტიმ“ შინ „ტოტენჰემთან“ 2:3 წააგო და პრემიერლიგის საჩემპიონო რბოლას აზრი დაუბრუნა. ახლა გვარდიოლას გუნდი 6 ქულით უსწრებს კლოპსას. თანაც მერსისაიდელებმა თამაშით ნაკლები ჩაატარეს და „სიტისთან“ ურთიერთშეხვედრაც წინ არის...

„ტოტენჰემი“ მანჩესტერში მიჯრით სამი მარცხის კვალად ჩავიდა და ამჯერადაც საყვარელი ტაქტიკა - კონტრშეტევები აირჩია. ჩანაფიქრმა უკვე მე-4 წუთზე გაამართალა, როცა კორეელმა სონმა ლონდონელთა ახალწვეული კულუშევსკი მეკარეს შეატოვა და შვედსაც გატანა არ გასჭირვებია. მერე გიუნდოგანმა გაათანაბრა. კეინმა ისევ წინ გაიყვანა „დეზები.“

და აი, აქ დაიწყო ყველაზე საინტერესო დამატებული ხუთწუთეული. რომერომ საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და მაჰრეზმა ზუსტად დაარტყა თერთმეტმეტრიანი - 2:2.

მაგრამ 95-ე წუთზე შესანიშნავად გაირჯა კულუშევსკი - კეინის წყვილი. სწორედ შვედის გადაცემით შეაგდო კეინმა გამარჯვების გოლი და დუბლიც მიითვალა - 2:3.

არადა, „ქალაქელებს“ 30 ოქტომბრის შემდეგ აღარ წაეგოთ...

„სიტის“ მდევარ „ლივერპულს“ აუტსაიდერ „ნორვიჩთან“ წესით, არ უნდა გასჭირვებოდა მოგება, მაგრამ საქმე სხვაგვარად აეწყო. პირველ ტაიმში მასპინძელი მერსისაიდელები ბევრს უტევდნენ, თუმცა როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მომენტებს ვერ იყენებდნენ.

მეორე ტაიმის დასწყისში კი მოულოდნელად სტუმართა კოსოვოელმა, რაშიცამ გაიტანა. ნორვიჩელები მადაზე მოვიდნენ და შეტევები გააგრძელეს, თუმცა მალევე „ლივერპული“ უპირატესობას კვლავ დაეუფლა და თამაში შეატრიალა. ჯერ მანემ გაიტანა ფანტასტიუკური „მაკრატელა,“ სამ წუთში მეკარე ალისონის გადაცემით სალაჰმა შეაგდო. 81-ე წუთზე კი „წითლების“ პორტუგალიელმა ახალწვეულმა, დიასმა სადებიუტო გოლი შეაგდო - 3:1.

მოიგო „ჩელსიმაც,“ თუმცა მათაც ერთობ გაუჭირდათ „კრისტალ პალასთან.“ ტუხელის შეგირდები ძალიან ინერტულები ჩანდნენ. ეტყობა მთელი ემოცია საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის მოგებას შეალიეს ბრაზილიურ „კორინთიანსთან.“

ვიეირას „არწივებს“ კი უნდა გაემარჯვათ. ბევრს უტევდნენ, მარტო ზაჰას მართებდა დუბლის შესრულება, მაგრამ, ნათქვამია - ვერ გაიტან, გაგიტანენო. ასეც მოხდა, ბოლოსწინა წუთზე მაროკოელმა ზიეშმა შეაგდო და „არისტოკრატებს“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.

ინგლისი

პრემიერლიგა

26-ე ტური. 19 თებერვალი

სიტი - ტოტენჰემი 2:3

მანჩესტერი. „ეტიჰადი“

0:1 კულუშევსკი (4), 1:1 გიუნდოგანი (33), 1:2 კეინი (59), 2:2 მაჰრეზი (90+1 პენ), 2:3 კეინი (90+5)

სიტი: ედერსონი, უოკერი, დიაში, ლაპორტი, კანსელუ, როდრი, გიუნდოგანი, ბერნარდუ სილვა, დე ბრუინი, ფოდენი, სტერლინგი (მაჰრეზი 68)

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

ტოტენჰემი: ლორისი, ემერსონი (დოჰერტი 83), რომერო, დაიერი, დევისი, სესენიონი (სანჩესი 90+3), ჰოიბერგი, ბენტანკური, კულუსევსკი, სონი (მოურა 80), კეინი

მწვრთნელი: ანტონიო კონტე

მსაჯი: ენტონი ტეილორი

გაფრთხილება: ჰოიბერგი (64), რომერო (77), ლორისი (80)

ლივერპული - ნორვიჩი 3:1

ლივერპული. „ენფილდი“

0:1 რაშიცა (48), 1:1 მანე (64), 2:1 სალაჰი (67), 3:1 დიასი (81)

ლივერპული: ალისონი, გომესი, მატიპი, ვან დეიკი, ციმიკასი, ჰენდერსონი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი (ალკანტარა 62), კეიტა (ორიჯი 62), დიასი (მინამინო 90), მანე, სალაჰი

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

ნორვიჩი: განი, უილიამსი, გიბსონი, ჰენლი, აარონსი, გილმორი, მაკლინი, ნორმანი (ლის-მელუ 82), სარჯენტი (პლახეტა 76), რაშიცა (როუ 86), პუკი

მწვრთნელი: დინ სმიტი

მსაჯი: მაიკ დინი

გართხილება: უილიამსი (40)

კრისტალ პალასი - ჩელსი 0:1

ლონდონი. „სელჰერსტ პარკი“

0:1 ზიეში (89)

კრისტალ პალასი: გუაიტა (ბატლენდი 46), კლაინი, გეჰი, ანდერსენი, მიტჩელი, კუიატე, მაკარტური (მატეტა 90+2), აიუ (ეზე 84), ოლისე, შლუპი, ზაჰა

მწვრთნელი: პატრიკ ვიეირა

ჩელსი: მენდი, კრისტიანსენი, ტიაგუ სილვა, რუდიგერი, სარი (ალონსო 74) , კანტე (კოვაჩიჩი 74), ჟორჟინიო (ლოფტუს-ჩიკი 74), პულიშიჩი, ზიეში, ჰავერცი, ლუკაკუ

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

მსაჯი: დევიდ კუტი

გაფრთხილება: ოლისე (68); სარი (62), პულიშიჩი (90+3), ჰავერცი (90+3)

ვესტ ჰემი - ნიუკასლი 1:1

1:0 დოუსონი (32), 1:1 უილოკი (45+1)

არსენალი - ბრენტფორდი 2:1

1:0 სმიტ-როუ (48), 2:0 საკა (79), 2:1 ნერგორი (90+5)

ასტონ ვილა - უოტფორდი 0:1

0:1 დენისი (78)

საუთჰემპტონი - ევერტონი 2:0

1:0 არმსტრონგი (52), 2:0 ლონგი (84)

ბრაიტონი - ბარნლი 0:3

0:1 ვეგჰორსტი (21), 0:2 ბრაუნჰილი (40), 0:3 ლენონი (69)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111671