ფეხბურთი

22:40 | 17.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლორიას და ქეცბაიას "ანორთოსისმა" "აპოელს" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა (+VIDEO)
თორნიკე ოქრიაშვილმა ამ შეხვედრაში ტრავმა მიიღო

კვიპროსის ჩემპიონატში თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ სტუმრად ნიქოზიის „აპოელი“ დაამარცხა. ეს იყო მე-16 ტურის გამოტოვებული მატჩი, რომელიც ფამაგუსტელთა უმნიშვნელოვანესი გამარჯვებით დასრულდა - 2:0.

„ანორთოსისის“ კარს გიორგი ლორია შეუცვლელად იცავდა და დიდებულადაც, რადგან 9 სეივი მიითვალა და კარი მშრალად შეინახა. „აპოელში“ გიორგი ქვილითაიამ 90 წუთი ითამაშა, მურთაზ დაუშვილმა პირველი ტაიმი, თორნიკე ოქრიაშვილი კი თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო, მაგრამ 85-ე წუთზე ტრავმის გამო მოედანი დატოვა. ამ დროისთვის უცნობია, რამდენად სერიოზული ტრავმა მიიღო ქართველმა ფეხბურთელმა.

სხვათა შორის, „აპოელს“ 76-ე წუთზე ფეხბურთელი გაუძევეს, ოქრიაშვილის ტრავმის მომენტში კი შეცვლების ლიმიტიც ამოწურული ჰქონდა და ნიქოზიელებმა შეხვედრა 9 კაცით დაასრულეს.

„ანორთოსისმა“ ამ გამარჯვებით 37 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გადავიდა, მომდევნო შეხვედრას 26 თებერვალს, სტუმრად ლიდერ „აპოლონთან“ ჩაატარებს, რომელსაც 8 ქულა აშორებს.

„აპოელს“ 36 ქულა აქვს და ლარნაკას აეკ-თან ერთად მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს, ხოლო 25 თებერვალს, „ომონიას“ უმასპინძლებს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საჩემპიონო ექვსეულში ადგილი ორივე გუნდს დაბევებული აქვს.

0.112597