ფეხბურთი

1:58 | 17.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" პრაქტიკულად მეოთხედფინალშია, "ბაიერნი" კომანმა გადაარჩინა

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მორიგი ორი მატჩი გაიმართა. „ლივერპულმა“ მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, ხოლო მიუნხენის „ბაიერნი“ სენსაციურ მარცხს ბოლო წუთზე გადაურჩა.

იურგენ კლოპის „ლივერპული“ იტალიის ჩემპიონ „ინტერს“ ესტუმრა და შინ ისეთი ანგარიშით დაბრუნდა, საპასუხო შეხვედრაში სასწაული უნდა მოხდეს, რომ მომდევნო ეტაპზე ვერ გავიდეს. ზოგადად, თამაში დაძაბული გამოდგა, ორივე გუნდს ჰქონდა მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტები, მაგრამ ყველაზე ახლოს გოლთან დასაწყისში ჰაკან ჩალჰანოღლუ იყო, რომელმაც ბურთი ხარიხას გაარტყა.

მეორე ტაიმში კი იურგენ კლოპმა შეცვლები განახორციელა, რამაც თამაშის სცენარი მთლიანად შეცვალა. ანგარიში სწორედ შეცვლაზე შესულმა რობერტო ფირმინომ გახსნა, ხოლო შემდეგ მოჰამედ სალაჰმაც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 0:2. სხვათა შორის, „ინტერს“ კარის ჩარჩოში არ დაურტყამს, ხოლო „ლივერპულმა“ ეს მხოლოდ ორჯერ გააკეთა, მაგრამ ორივე შემთხვევაში გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მილანის "ინტერმა" ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ზუსტად 10-წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშა. "ნერაძური" 2011-2012 წლების სეზონის მერვედფინალში "მარსელთან" დამარცხდა და მას მერე პირველად ითამაშა პლეი-ოფში...

მიუნხენის „ბაიერნმა“ ბუნდესლიგის ბოლო ტურში „ბოხუმთან“ სტუმრად 2:4 წააგო და ახლა ზედიზედ მეორე მოულოდნელ მარცხთან ძალიან ახლოს იყო. იულიან ნაგელსმანის გუნდი ავსტრიაში „ზალცბურგს“ ესტუმრა, რომელიც 21-ე წუთზე დაწინაურდა და 90-ე წუთამდე იგებდა! „ბაიერნი“ კინგსლი კომანმა გადაარჩინა - 1:1. ცხადია, ამ ანგარიშით „რეკორდმაისტერი“ წყვილში კიდევ უფრო გამოკვეთილი ფავორიტი გახდა.

ზემოხსენებული წყვილების საპასუხო მატჩი 8 მარტს გაიმართება, მანამდე კი მომდევნო კვირაში კიდევ ოთხი თამაშია გასამართი.

„ინტერი“ – „ლივერპული“ 0:2 (0:0)

მილანი, „ჯუზეპე მეაცა“

„ინტერი“ (3-5-2): ჰანდანოვიჩი; შკრინიარი, დე ვრეი (რანოკია 88), ბასტონი (დიმარკო 90); დუმფრისი (დარმიანი 88), ვიდალი (გალიარდინი 89), ბროზოვიჩი, ჩალჰანოღლუ, პერიშიჩი; ლაუტარო მარტინესი (სანჩესი 70), ჯეკო

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

„ლივერპული“ (4-3-3): ალისონი; ალექსანდერ-არნოლდი, კონატე, ვან დეიკი, რობერტსონი; ტიაგო ალკანტარა (მილნერი 86), ფაბინიო (ჰენდერსონი 59), ელიოტი (კეიტა 60); სალაჰი, დიოგო ჟოტა (ფირმინო 46), მანე (დიასი 59)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლები: 0:1 ფირმინო (75), 0:2 სალაჰი (83)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (0) – 12 (2) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 7:7 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: შიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი)

„ზალცბურგი“ – „ბაიერნი“ 1:1 (1:0)

ზალცბურგი, „რედ ბულ არენა“

„ზალცბურგი“ (4-3-1-2): კონი; კრისტენსენი, სოლეტი, ვიობერი, ულმერი; კაპალდო, კამარა, სეივალდი (შუშიჩი 80); აარონსონი; ოკაფორი (ადამუ 12), ადეიემი (კიაერდგორი 87)

მწვრთნელი: მატიას იაისლე

„ბაიერნი“ (3-4-2-1): ულრაიხი; პავარი, ზულე, ლუკას ერნანდესი; გნაბრი (ჩუპო-მოტინგი 77), კიმიხი, ტოლისო (ზაბიტცერი 80), კომანი; მიულერი, ზანე; ლევანდოვსკი

მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი

გოლები: 1:0 ადამუ (21), 1:1 კომანი (90)

გაფრთხილება: კონი (87) - კომანი (83), ზაბიტცერი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (5) – 21 (9) ბურთის ფლობა: 37%-63% კუთხურები: 5:10 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: მაიკლ ოლივერი (ინგლისი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.186242