ფეხბურთი

2:25 | 14.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" ლიდერია, "იუვენტუსი" ბოლო წუთზე გადარჩა

იტალიის სერია A-ს 25-ე ტურის შემდეგ ახალი ლიდერი ჰყავს - „მილანი“. სტეფანო პიოლის გუნდმა „ინტერისა“ და „ნაპოლის“ ფრით კარგად ისარგებლა და სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.

„როსონერიმ“ გენუის „სამპდორიას“ უმასპინძლა და სწრაფადვე, მერვე წუთზე რაფაელ ლეოამ გაიტანა. როგორც გაირკვა ეს ერთადერთი და გამარჯვების გოლი გამოდგა. „მილანს“ მეტის გატანაც შეეძლო, მაგრამ ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა და საბოლოოდ, მინიმალურ ანგარიშს დასჯერდა. ლომბარდიულ გრანდს 55 ქულა აქვს და „ინტერს“ 1, „ნაპოლის“ კი 2 ქულით გაასწრო. თუმცა, უნდა ითქვას, რომ კონკურენტებთან შედარებით „ნერაძურის“ თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. ფაქტია, რომ სკუდეტოზე პრეტენზიას სამი გუნდი აცხადებს და დიდი შანსია, რომ ბრძოლა ბოლო ტურებამდე გაგრძელდეს.

დღის მთავარი თამაში ბერგამოში გაიმართა, სადაც მეოთხე ადგილის მაძიებლები, „ატალანტა“ და „იუვენტუსი“ შეხვდნენ. ტურინელები 2 ქულით უსწრებდნენ მეტოქეს, მაგრამ ბერგამოელებს თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. ამიტომ, შეცდომის უფლება არცერთს ჰქონდა. ორივე გუნდმა ბევრი საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ ანგარიშის გახსნა 76-ე წუთამდე ვერ მოხერხდა. იქამდე, სანამ რუსლან მალინოვსკიმ 30 მეტრიდან უძლიერესი დარტყმით ულამაზესი გოლი არ გაიტანა და „ატალანტა“ გამარჯვებას მიუახლოვდა. წაგება ტურინულ გრანდს უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდებდა და მხსნელად დანილო მოევლინა. ბრაზილიელმა მცველმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე თავით შეაგდო და გუნდებმა ქულები გაიყვეს - 1:1. ამდენად, სატურნირო ცხრილში ყველაფერი უცვლელი დარჩა: „იუვე“ 2 ქულით წინაა, მაგრამ „ატალანტა“ პოტენციურად ქულით წინაა, რადგან „ტორინოსთან“ გამოტოვებული მატჩი აქვს სათამაშო. წინ 13 ტურია და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვისაც ფიცხელი ბრძოლაა მოსალოდნელი.

ჟოზე მოურინიოს „რომა“ ისევ არასტაბილურია და მორიგ წაგებას ბოლო წუთზე გადაურჩა. „ჯალოროსიმ“ „სასუოლოსთან“ პირველი ტაიმი მოიგო, მაგრამ მერე ორი გოლი გაუშვა და მარცხთან ახლოს იყო, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეოთხე წუთზე ბრაინ კრისტანტემ გაიტანა და წონასწორობა აღადგინა. „რომა“ ნელ-ნელა ოთხეულს შორდება და წესით ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა ძალიან გაუჭირდება.

„ატალანტა“ – „იუვენტუსი“ 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 მალინოვსკი (76), 1:1 დანილო (90)

„სასუოლო“ – „რომა“ 2:2 (0:1)

გოლები: 0:1 აბრაჰამი (45, პენ), 1:1 სმოლინგი (47, ა.გ), 2:1 ტრაორე (73), 2:2 კრისტანტე (90)

„ემპოლი“ – „კალიარი“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 პინამონტი (38), 1:1 პავოლეტი (84)

„ჯენოა“ – „სალერნიტანა“ 1:1 (1:1)

გოლები: 1:0 დესტრო (32), 1:1 ბონაცოლი (45)

„ვერონა“ – „უდინეზე“ 4:0 (2:0)

გოლები: 1:0 დეპაოლი (2), 2:0 ბარაკი (31), 3:0 კაპრარი (66), 4:0 ტამეზე (85)

„მილანი“ – „სამპდორია“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ლეაო (8)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11356