ავტოსპორტი

23:41 | 10.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ასტონ მარტინმა“ ახალი სარბოლო ავტომობილი - AMR-22 გაგვაცნო

„ასტონ მარტინმა“ თავისი ახალი სარბოლო ავტომობილი, AMR-22 წარმოადგინა, რომლითაც ახალ სეზონში, ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატში, კანადელი ლანს სტროლი და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, გერმანელი სებასტიან ფეტელი იასპარეზებენ.

ახალი ავტომობილი ფ1-ის ახალი ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად არის შემუშავებული. მას აქვს სრულიად ახალი აეროდინამიკა და 18-დუიმიანი ბორბლები. აეროდინამიკის რეგლამენტის შემუშავებისას, ფ1-ის მიზანი იყო ის, რომ უკან მიმავალ ავტომობილებს, გასწრების მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ, რამაც თეორიულად, რბოლების სანახაობრივი მხარე უნდა გააუმჯობესოს.

მანქანის ფერი ისევ უწინდელია - ეგრეთ წოდებული ბრიტანული სარბოლო მუქი მწვანე. გაფორმებას დაემატა საუდის არაბეთის ნავთობ გიგანტ „არამკოს“ წარწერა. ეს კომპანია ამიერიდან, გუნდის სატიტულო სპონსორია.

„ასტონ მარტინი“ მესამე გუნდია, რომელმაც ახალი სეზონის კამპანია დაიწყო. მაგრამ არის პირველი, რომელმაც სრულიად ახალი ავტომობილი გვიჩვენა. „ჰაასმა“ და „რედ ბულმა“ თავიანთი მანქანების ახლებური გაფორმება წარმოგვიდგინეს. ამერიკულმა გუნდმა თავისი მანქანის ციფრული ფოტოები გაავრცელა, ავსტრიულმა გუნდმა კი სადემონსტრაციოდ, ფ1-ის კონცეპტუალური მანქანა გამოიყენა და თავისი ახალი სატიტულო სპონსორი - „ორეკლი“ გაგვაცნო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109835