ფეხბურთი

2:16 | 6.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

"დერბი დელა მადონინა" ფრანგი გმირებით

იტალიის სერია A-ში სკუდეტოსთვის ბრძოლა გრძელდება და 24-ე ტურის შემდეგ ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა.

„დერბი დელა მადონინაში“ „მილანს“ გამარჯვების მეტი არაფერი დარჩენოდა, რადგან „ინტერს“ 4 ქულით ჩამორჩებოდა, თანაც თამაშით მეტი ჰქონდა ჩატარებული, ამიტომაც, თუ სიმონე ინძაგის გუნდი მოიგებდა, ზედიზედ მეორე ჩემპიონობისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამდა, თავის მხრივ არც ფრე იქნებოდა ურიგო შედეგი და სწორედ ამან „ნერაძურიზე“ ცუდი გავლენა იქონია.

„ინტერმა“ მაგრად დაიწყო და პირველ ტაიმში ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდა. რომ არა მაიკ მენიანის შესანიშნავი თამაში პირველ ნახევარში ინძაგის გუნდი ყველაფერს 45 წუთში გადაწყვეტდა. თუმცა, ფრანგი მეკარე ბრწყინავდა და მხოლოდ ერთხელ ვერ გახდა ვერაფერს, როდესაც ივან პერიშიჩის დარტყმა გაუშვა და „ინტერმა“ ტაიმი მოიგო.

პირველი ნახევრიდან გამომდინარე ვერავინ წარმოიდგენდა იმას, რაც მეორე ნახევარში მოხდა. „ინტერმა“ უკან დაიხია, შეტევაზე საერთოდ უარი თქვა და ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაში დაიწყო. თავის მხრივ, „მილანიც“ ვერ ახერხებდა „ნერაძურის“ დაცვის გარღვევას, მაგრამ ასე იყო 75-ე წუთამდე. აი, მერე კი გმირის სტატუსი მენიანიდან მეორე ფრანგმა ოლივიე ჟირუმ გადაიბარა. ფრანგმა ფორვარდმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 3 წუთის შემდეგ სტეფან დე ვრეის აჯობა და გამარჯვების გოლი გაიტანა. სხვათა შორის, ჟირუ პირველი ფრანგი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც „ინტერთან“ დუბლი შეასრულა. ამრიგად, „მილანმა“ დერბი 2:1 მოიგო და „ინტერთან“ ჩამორჩენა ერთადერთ ქულამდე შეამცირა, თუმცა ინძაგის გუნდს თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მორიგი ქულები დაკარგა „რომამ“, რომელმაც შინ აუტსაიდერ „ჯენოას“ ვერ მოუგო და უგოლოდ დაუზავდა. არადა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ნიკოლო ძანიოლომ ულამაზესი გოლი გაიტანა, მაისური გაიხადა და ფანებთან ერთად ემოციურად იზეიმა. თუმცა, VAR-მა მომენტი გადაამოწმა და ეპიზოდის დასაწყისში ტამი აბრაჰამის მხრიდან თამაშის წესების დარღვევა დაფიქსირდა, გოლი გაუქმდა და ნიკოლო ძანიოლომ წითელი ბარათი მიიღო, რადგან მსაჯთან იკამათა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიო ძალიან გაბრაზებული იყო და თქვა, რომ ძალაუფლების მქონე ხალხის თვალში და აშკარად სერია A-ს ბოსები იგულისხმა, „რომა“ პატარა გუნდია, ამიტომაც, არ სწყალობენ. მან მაგალითიც მოიყვანა და აღნიშნა, რომ ლაუტარო მარტინესს, ჯორჯო კიელინის ან ზლატან იბრაჰიმოვიჩს მსაჯთან კამათის გამო საკუთარი პუბლიკის წინაშე არ გააძევებდნენ... „რომა“ არასტაბილურია და წესით ოთხეულში მოხვედრა ძალიან გაუჭირდება.

დუშან ვლაჰოვიჩის გარეშე „ფიორენტინამ“ პირველი მატჩი ჩაატარა და რომის „ლაციოს“ უმასპინძლა. ტრიბუნებზე ბანერიც გამოჩნდა „ვის სჭირდება ვლაჰოვიჩი?“, თუმცა, როგორც ჩანს, სერბი დიდი ძალა იყო ფლორენციული გუნდისთვის და საჭიროც იყო. ყოველ შემთხვევაში, „ლაციოსთან“ თამაშით ასე უნდა ვიმსჯელოთ. მაურიციო სარის გუნდმა უგოლო ტაიმის შემდეგ მეორე ნახევარში მეტოქე არ დაინდო და იოლად, 3:0 აჯობა. ერთი გოლი ჩირო იმობილეს ანგარიშზეა, რომელმაც ზედიზედ 6 სეზონის განმავლობაში მოახერხა სერია A-ში მინიმუმ 20 გოლში უშუალო მონაწილეობის მიღება (გოლი და საგოლე პასი), ასეთი შედეგი კი ამავე პერიოდში არავის აქვს. „ლაციომ“ მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა და „რომას“ ქულებით გაუთანაბრდა.

„რომა“ – „ჯენოა“ 0:0 (0:0)

„ინტერი“ – „მილანი“ 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 პერიშიჩი (38), 1:1 ჟირუ (75), 1:2 ჟირუ (78)

„ფიორენტინა“ – „ლაციო“ 0:3 (0:0)

გოლები: 0:1 მილინკოვიჩ-სავიჩი (52), 0:2 იმობილე (70), 0:3 ბირაგი (81, ა.გ)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.184441