ჩოგბურთი

1:38 | 26.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ეშლი ბარტი ავსტრალიის ღიას ნახევარფინალში გავიდა

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ეშლი ბარტიმ, მხოლოდ ორი გეიმი დათმო შეხვედრაში, რომლის მოგებითაც, ავსტრალიის ღია პირველის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. მან ამერიკელი ჯესიკა პეგულა 6-2, 6-0 დაამარცხა. ავსტრალიელს ნახევარფინალშიც ამერიკელი მეტოქე - მედისონ კეისი ეყოლება.

პეგულა შარშანაც მელბურნის ტურნირის მეოთხედფინლში გავიდა. ამჯერად მეოთხე წრეში მან ორ სეტში აჯობა ბერძენ მარია საკარის. მაგრამ ბარტის წინააღმდეგ, მისი არსენალი ცარიელი აღმოჩნდა. პეგულამ მეტოქეს პირველ ხუთ გეიმში მეტნაკლები წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ მომდევნო ცხრა გეიმში, კორტზე ბატონ-პატრონი ბარტი იყო.

„მემგონი, ის ნებისმიერი მეტოქის თავში ცხოვრობს და იცის, რას აპირებენ“, - ასე შეაფასა ამერიკელმა თავისი მეტოქე, ვისაც ჯერ ერთი სეტიც არავისთვის დაუთმია.

ასეა თუ ისე, ბარტის შანსი აქვს, 1978 წლის შემდეგ გახდეს პირველი ავსტრალიელი, ვინც ავსტრალიის ღია პირველობას მოიგებს. ბოლოს ეს ავსტრალიელთაგან კრის ო’ნილმა, სწორედ 1978 წელს შეძლო.

კეისმა მეოთხე წრეში 6-3, 6-2 მოუგო საფრანგეთის ღია პირველობის ჩეხ ჩემპიონ ბარბორა კრეიჩიკოვას. ის და ბარტი აქამდე სამჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და ორჯერ კორტი მოგებულმა ავსტრალიელმა დატოვა. მათი ბოლო დაპირისპირება როლან გაროსზე, 2019 წელს შედგა და მაშინ ბარტიმ ტურნირიც მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124069