ფეხბურთი

23:51 | 22.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

„წმინდანებმა“ „ქალაქელები“ შეაჩერეს

„საუთჰემპტონმა“ „მანჩესტერ სიტის“ ზედიზედ 12-მოგებიანი სერია შეწყვიტა პრემიერლიგაში. ხოსეპ გვარდიოლას გუნდს შარშანდელი 30 ოქტომბრის შემდეგ აღარ დაეკარგა ქულები ინგლისის ჩემპიონატში.

მატჩის სიუჟეტი ნაცნობი გახლდათ. „სიტი“ ბურთს აკონტროლებდა, აგორავებდა, მაგრამ რატომღაც სახიფათო მომენტებს მასპინძლები ქმნიდნენ. ანგარიშც მალევე გახსნეს. მე-7 წუთზე შესანიშნავი კომბინაცია ზუსტი დარტყმით კაილ უოკერ-პიტერსმა დაასრულა.

მალევე არმანდო ბროიას შეეძლო ანგარიშის გაზრდა, მაგრამ არ გაუმართლა.

მეორე ტაიმში ვითარება არ შეცვლილა. „სიტი“ ისევ აგრძელებდა ზეწოლას. „წმინდანები“ კონტრშეტევით ცდილობდნენ ფონს გასვლას.

მაგრამ „ქალაქელებმა“ მაინც გაათანაბრეს ანგარიში. კევინ დე ბრუინმა საჯარიმო ჩააწოდა და ემერიკ ლაპორტმა გაიტანა. მერე სტუმრებმა ორჯერ მოარტყეს ბურთი ძელს, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.

ლიდერმა „სიტიმ“ უკვე 12 ქულით გაუსწრო უშუალო მდევარ „ლივერპულს.“ თუმცა, მერსისაიდელებს ორი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

საინტერესო თამაში იყო „ოლდ ტრაფორდზე.“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ვესტ ჰემს“ მასპინძლობდა. ესენი მეოთხე ადგილს, ანუ ჩემპიონთა ლიგის საგზურს ეცილებიან ერთმანეთს და აფიშაც დიდ დაპირისპირებას გვპირდებოდა.

მაგრამ მსგავსი არაფერი ყოფილა. ბრძოლა, ცხადია იყო, მაგრამ სანახაობა არანაირი. პირველი ტაიმის განმავლობაში მეტოქეებს არცერთხელ დაურტყამთ კარის ჩარჩოში. და საერთოდ, 90 წუთის მანძილზე სულ 3:1 გახლდათ დარტყმებში მასპინძელთა სასარგებლოდ.

ერთადერთი გოლი უკვე წამატებულ წუთებზე გავიდა. ზუსტად დაარტყა მარკუს რაშფორდმა. პასი კი მას ედინსონ კავანიმ მისცა. ლონდონელები აღშფოთდნენ, ურუგვაელი თამაშგარე მდგომარეობაში იყოო. მართალია, ვარ-მა დაადასტურა გოლი წესების დაცვით გავიდაო, მაგრამ ეჭვი გვაქვს, ეს ეპიზოდი კიდევ დიდ ხანს იტრიალებს ბრიტანულ მედიაში.

მოკლედ, „მანჩესტერმა“ მოიგო და მეოთხე ადგილზე დადგა. რანგნიკის შეგირდებს „სანუკვარ ოთხეულში“ მოხვედრის იმედი გაუჩნდათ. აკი, რონალდუმაც თქვა, თუ ჩემპიონთა ლიგის ზონაში ვერ მოვხვდით, ზაფხულში „მანჩესტერიდან“ წავალო.

ინგლისი

პრემიერლიგა

23-ე ტური. 22 იანვარი

საუთჰემპტონი - სიტი 1:1

საუთჰემპტონი. „სენტ მერისი“

1:0 უოკერ-პიტერსი (7), 1:1 ლაპორტი (65)

საუთჰემპტონი: ფორსტერი, პერო, სალისუ, ბედნარეკი (ლიანკო 71), უოკერ-პიტერსი, რომეუ, უორდ-პროუსი, რედმონდი (ელიუნუსი 46), არმსტრონგი (დიალო 82), ბროია, ადამსი

მწვრთნელი: რალფ ჰაზენჰიუტლი

სიტი: ედერსონი, უოკერი, დიაში, ლაპორტი, კანსელუ, როდრი, ბერნარდუ სილვა, დე ბრუინი, გრილიში, ფოდენი, სტერლინგი (ჟეზუსი 60)

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

მსაჯი: საიმონ ჰუპერი

გაფრთხილება: ბედნარეკი (33), არმსტრონგი (79), ელიუნუსი (90+2)

მანჩესტერი - ვესტ ჰემი 1:0

1:0 რაშფორდი (90+3)

ევერტონი - ასტონ ვილა 0:1

0:1 ბუენდია (45+3)

ბრენტფორდი - ვულვზი 1:2

0:1 მოუტინიუ (48), 1:1 ტოუნი (71), 1:2 ნევეში (78)

ლიდსი - ნიუკასლი 0:1

0:1 შელვი (75)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119926