ჩოგბურთი

0:36 | 21.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

საბალენკა გავარდნას გადაურჩა

მსოფლიოს მეორე ჩოგანი, ბელარუსი არინა საბალენკა, ავსტრალიის ღიადან მეორე წრეში გამოთიშვას გადაურჩა. საბოლოოდ, მან ჩინელ ვან სინიუს 1-6, 6-4, 6-2 მოუგო და მესამე წრეში თამაშის უფლება მოიპოვა.

საბალენკა კორტზე მას შემდეგ გამოვიდა, რაც ტურნირს მესამე ნომრად განთესილი ესპანელი გარბინე მუგურუზა და მეექვსე ნომრად განთესილი ესტონელი ანეტ კონტავეიტი გამოეთიშნენ. შეხვედრის დასაწყისში, საბალენკაც გავარდნის გზას დაადგა - რეიტინგში მე-100 ადგილზე მყოფ მეტოქესთან, პირველი სეტი უშანსოდ წააგო.

ბელარუსმა საწყის გეიმში ექვსი ორმაგი შეცდომა დაუშვა! სულ კი პირველ სეტში 12 ორმაგი შეცდომა მოუვიდა, რომელთაგან ბოლომ, მეტოქეს სეტის მოგების საშუალება მისცა. საბალენკას მოწოდბაზე პრობლემები მეორე სეტშიც ჰქონდა, მაგრამ ამის მიუხედავად, მან ანგარიშის გათანაბრება მაინც შეძლო.

სულ, შეხვედრის განმავლობაში, ბელარუსმა ჩოგბურთელმა 19 ორმაგი შეცდომა დაუშვა. თუმცა ყველაზე ნაკლებად მესამე სეტში ცდებოდა. საბოლოოდ კი გამარჯვებას, ჩინელის მიერ ცუდად შესრულებული წაღმა დარტყმის წყალობით მიაღწია.

„საერთოდ, ცუდი მოწოდებით თამაშის დიდი გამოცდილება მაქვს. ამიტომ, საკუთარ თავს ვამხნევებდი, რომ მოგება ზუსტი დარტყმებითაც შემეძლო. ასეთმა განწყობამ ის შედეგი გამოიღო, რომ მოწოდებაც გამოვასწორე“, - განაცხადა საბალენკამ, ვინც პირველ წრეშიც 12 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.146258