ფეხბურთი

2:25 | 16.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსის" გამარჯვება და დიბალას ჟესტი კლუბის ხელმძღვანელობას

იტალიის სერია A-ს 22-ე ტურში „იუვენტუსმა“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა და დიდი ალბათობით დროებით, მაგრამ მაინც მეოთხეადგილოსან „ატალანტას“ გაუთანაბრდა.

„იუვემ“ ტურინში „ჯენოას“ უმასპინძლა და ფეერიული ფეხბურთი არ უთამაშია, მაგრამ მთავარს მიაღწია - შედეგს. ანგარიში დასაწყისშივე პაულო დიბალამ გახსნა და მთავარი ამბავიც ეს არის. არგენტინელს კლუბთან კონტრაქტი ეწურება და ბოლო დროს, გენერალურმა დირექტორმა მაურიციო არივაბენემ არაერთხელ გააკრიტიკა და დიბალამაც უპასუხა. პაულომ გოლი არ აღნიშნა და ტრიბუნებისკენ მზერა დაიწყო. ცხადია, კლუბის შეფებს უყურებდა და ეს იყო პასუხი, რაზეც როგორი რეაქცია ექნებათ ბოსებს, არავინ იცის. ფაქტია, რომ დიბალა „იუვენტუსში“ გამორჩეული ფეხბურთელია და მან ეს ამ შეხვედრაშიც დაამტკიცა. მეორე საგოლე შეტევაც სწორედ სამხრეთამერიკელმა დაიწყო დიდებული პასით და დე შილიოს ფლანგურ ჩაწოდებას ვესტონ მაკკენის გოლი მოჰყვა. სხვათა შორის, დე შილიომ კარიერაში პირველად მოახერხა სერია A-ში ზედიზედ ორ მატჩში ორ გოლში უშუალო მონაწილეობა (გოლი „რომასთან“ და საგოლე პასი „უდინეზესთან“). ეს იყო მაქს ალეგრის მე-300 თამაში „იუვეს“ მთავარი მწვრთნელის რანგში და ჯოვანი ტრაპატონისა და მარჩელო ლიპის შემდეგ ტურინული გრანდის ისტორიაში მესამე მწვრთნელია, რომელმაც ამ ნიშნულს უწია. სხვათა შორის, ალეგრის 300 მატჩიდან 69% მოგებული აქვს, რაც ლიპისა და ტრაპატონის შედეგზე უკეთესია.

„იუვენტუსმა“ ამ გამარჯვებით 41 ქულა დააგროვა და „ატალანტას“ გაუტოლდა, მაგრამ ბერგამოულ გუნდს ორი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და ერთს კვირას, მილანის „ინტერთან“ გამართავს.

22-ე ტურში შაბათს კიდევ ორი მატჩი გაიმართა. რომის „ლაციომ“ სტუმრად „სალერნიტანა“ 3:0 დაამარცხა, ჩირო იმობილემ კი საწყის 10 წუთში დუბლი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ იმობილეზე მეტი გოლი ტოპ 5 ჩემპიონატში მხოლოდ რობერტ ლევანდოვსკისა და ლიონელ მესის აქვთ გატანილი, მას მერე, რაც იტალიელი „ლაციოში“ გადავიდა (2016-2017 წლების სეზონიდან). პოლონელმა ამ მონაკვეთში 179, არგენტინელმა 163, ხოლო იმობილემ, ისევე, როგორც კრიშტიანუ რონალდუმ 140 გოლი მიითვალა. „ლაციომ“ 35 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში „რომას“ გადაასწრო.

კიდევ ერთი თამაში გენუაში შედგა, სადაც „სამპდორია“ „ტორინოს“ უგებდა, მაგრამ მერე ორი გოლი გაუშვა და მარცხი განიცადა. სერია A-ს 22-ე ტურის დანარჩენი მატჩები კვირასა და ორშაბათს გაიმართება.

„იუვენტუსი“ – „უდინეზე“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 დიბალა (19), 2:0 მაკკენი

„სალერნიტანა“ – „ლაციო“ 0:3 (0:2)

გოლები: 0:1 იმობილე (7), 0:2 იმობილე (10), 0:3 ლაძარი (66)

„სამპდორია“ – „ტორინო“ 1:2 (1:1)

გოლები: 1:0 კაპუტო (18), 1:1 სინგო (27), 1:2 პრატი (67)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.14431