სხვა

1:12 | 14.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოდერმატმა ოლიმპიადამდე ბოლო სუპერ გიგანტი მოიგო

შვეიცარიის სამთო კურორტ ვენგენში, პეკინის ოლიმპიადის წინ, სამთო მოთხილამურეთა მსოფლიო თასის სუპერ გიგანტის ბოლო რბოლა გაიმართა, რომელიც შვეიცარიელმა მარკო ოდერმატმა მოიგო.

24 წლის ოდერმატმა, ვინც მსოფლიო თასს აბსოლუტურ ჩათვლაში ლიდერობს, ლაუბერნჰორნის გრძელ ტრასაზე, ფინიშს წუთსა და 29 წამში მიაღწია და 0.23 წამით აჯობა ნორვეგიელ ალეკსანდერ ომოდტ კილდეს, ვინც მსოფლიო თასის სუპერ გიგანტის ლიდერია და ამ სახეობაში წინა სამი რბოლა აქვს მოგებული.

ოდერმატისთვის ეს მიმდინარე სეზონში მოპოვებული მეექვსე გამარჯვებაა, რომელთაგან ორი სუპერ გიგანტზე მოდის. ვენგენში მესამე ადგილი, ამ სახეობაში მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ავსტრიელმა მათიას მაიერმა დაიკავა.

„შესანიშნავი დღე იყო. დილიდან თავს კარგად ვგრძნობდი. კილდესთან კი დაძაბული პაექრობა გამოგვივიდა. ზედა ნაწილში ის ყველაზე სწრაფი იყო, მაგრამ ჩემდა იღბლად, ქვედა ნაწილში დრო დაკარგა“, - ყვება ოდერმატი.

მხოლოდ მეცხრე შედეგს დასჯერდა სუპერ გიგანტსა და დაშვებაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ავსტრიელი ვინსენტ კრიხმაირი. მისთვის ეს კოვიდ-19-ით ინფიცირების შემდეგ, პირველი რბოლა იყო. მან დაშვების სავალდებულო სავარჯიშო სესიაში მონაწილეობა ვერ მიიღო და ამიტომ, ამ სახეობაში პარასკევის და შაბათის რბოლებში ვერ იასპარეზებს. სუპერ გიგანტის რბოლაში მონაწილეობისთვის, ვარჯიში სავალდებულო არ იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116407