ავტოსპორტი

0:46 | 13.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

„მისტერ დაკარმა“ რალი მარათონის მეათე ეტაპი მოიგო

დაკარის მოქმედ ჩემპიონს, რალი მარათონის დასაწყისშივე უმტყუნა ბედმა და გამარჯვებისთვის ბრძოლას გამოეთიშა. მაგრამ „აუდის“ ელექტრომობილით მოასპარეზე სტეფან პეტერანსელმა ბოლოს მაინც შეძლო პრესტიჟის გამარჯვების მოპოვება. ეს მეათე ეტაპზე მოხდა, დიდ ფინიშამდე სამი ეტაპით ადრე.

ფრანგ პეტერანსელს დაკარი 14-ჯერ აქვს მოგებული. ჯერ ორი ბორბლით იგებდა, შემდეგ კი ოთხზე გადავიდა და ამჯერადაც შეუდარებელი იყო.

ყატარელი ნასერ ალ ატია (ტოიოტა) კი კვლავაც ლიდერია. მისმა უახლოესმა მდევარმა, ფრანგმა სებასტიან ლოებმა ჩამორჩენა ისევ შეამცირა, მაგრამ მათ ახლა 32 წუთზე მეტი აშორებთ, რისი სრულად აღმოფხვრაც ძნელი იქნება.

ლოებმა (ბაჰრეინ რეიდ იქსტრიმ) 375-კილომეტრიანი მეათე ეტაპი მეხუთე შედეგით დაასრულა. მეორე ადგილი კი პეტერანსელის თანაგუნდელმა კარლოს საინსმა დაიკავა. სამგზის ჩემპიონი ალ ატია ამჯერად მეშვიდე უსწრაფესი იყო. ის გამარჯვებულს თითქმის ექვსი წუთით ჩამორჩა, ხუთი წუთით კი დაჯარიმდა, რადგან დამცავ ღვედთან დაკავშირებული წესი დაარღვია.

„მიხარია, რომ ფინიშს მივაღწიე და თან არც ბევრი დრო დამიკარგავს. ხვალის ეტაპზე კარგი სასტარტო პოზიცია მექნება. დღეს ბედად არც ბორბალი დაშვებულა, არც რამე ტექნიკური, თუ სანავიგაციო პრობლემა გვქონია“, - განაცხადა ალ ატიამ, ვინც წინა დაკარი მეორე ადგილზე დაასრულა.

მოტოციკლების კლასში, რბოლას გამოეთიშა მოქმედი ჩემპიონი, არგენტინელი კევინ ბენავიდესი, ვისი მოტოციკლიც (KTM) მწყობრიდან გამოვიდა და მისი შეკეთება შეუძლებელი გახდა. სხვათა შორის, შარშან მან დაკარი „ჰონდას“ მოტოციკლით მოიგო. ის დაკარის პირველი სამხრეთამერიკელი გამარჯვებულია. 33 წლის ბენავიდესს მეათე ეტაპამდე მეხუთე ადგილი ეკავა და ათ წუთს აგებდა ავსტრიელ თანაგუნდელ მათიას ვალკნერთან.

ვალკნერმა ეტაპი მეოთხე ადგილზე დაასრულა და ლიდერობაც დაკარგა. მეათე ეტაპი ავსტრალიელმა ტობი პრაისმა მოიგო. ყოფილმა ლიდერმა ბრიტანეთიდან, სემ სანდერლენდმა მეორე დრო აჩვენა. ლიდერობა კი ფრანგმა ადრიენ ვან ბევერენმა გადაიბარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111895