ფეხბურთი

20:12 | 26.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულის“ აფრიკული ტრიო „ჩელსისთან“ მატჩში ითამაშებს

მოჰამედ სალაჰი, სადიო მანე და ნაბი კეიტა 3 იანვრამდე „ლივერპულის“ განკარგულებაში იქნებიან.

მოგეხსენებათ, 9 იანვარს კამერუნში აფრიკის ეროვნებათა თასის გათამაშება იწყება, რომელშიც ეგვიპტის, სენეგალისა და გვინეის ნაკრებებიც მონაწილეობენ. ეს ზემოთხსენებული ფეხბურთელების ეროვნული გუნდებია.

ფიფას წესების თანახმად, მონაწილეები ნაკრებებში ტურნირის დაწყებამდე არაუგვიანეს 13 დღისა უნდა გამოცხადდნენ. ანუ, წესით ხვალ, 27 დეკემბერს ადგილებზე უნდა ყოფილიყვნენ. ამისდაკვალად, ბევრი კლუბი პროტესტს გამოთქვამდა, რადგან მათ წამყვან ფეხბურთელებს მნიშვნელოვანი შეხვედრების გამოტოვება უწევდათ.

განსაკუთრებით „ლივერპულის“ თავკაცი, იურგენ კლოპი შფოთავდა, რადგან გუნდი პრემიერლიგის ტიტულისთვის იბრძვის და 2 იანვარს ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ „ჩელსისთან“ უწევს შეხვედრა. ამ სამეულის გარეშე კი „წითლები“ ძალიან დასუსტდებოდნენ.

მაგრამ დღეს, 26 დეკემბერს, ფიფას გენერალური მდივნის თანაშემწემ, მატიას გრაფსტრიომმა დაადასურა, რომ მოთამაშეებს აფრიკაში გამგზავრება 3 იანვარს შეეძლებათ - გვამცნობს Associated Press.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109436