ავტოსპორტი

1:52 | 25.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ეკლსტოუნი ჰამილტონს წასვლას ურჩევს

ბერნი ეკლსტოუნი ფიქრობს, რომ გასულ სეზონში, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლის წაგების შემდეგ, ლუის ჰამილტონი ფორმულა 1-დან წასვლას გადაწყვეტს.

სეზონის ბოლო რბოლაში, ჰამილტონს მაქს ფერსტაპენმა ბოლო წრეზე გაასწრო და მერვე ტიტულის მოპოვების საშუალება არ მისცა. თავად კი პირველად გახდა ჩემპიონი.

ამასთან, ყველაფერი FIA-ს რბოლის დირექტორის, მაიკლ მასის სადაო გადაწყვეტილების შემდეგ მოხდა, რომელმაც რეგლამენტის მისეული ინტერპრეტაციით ისარგებლა, როცა ტრასიდან უსაფრთხოების მანქანა, ბოლო წრის წინ გაიყვანა და ახალ საბურავებზე მყოფ ფერსტაპენს დიდი უპირატესობა მისცა.

მან ჯერ წრეზე ჩამორჩენილ პილოტებს, უსაფრთხოების მანქანის გასწრების უფლება მისცა, რის შემდეგაც, წესის შესაბამისად, პეისკარი ტრასაზე ერთი წრე უნდა დარჩენილიყო. ეს კი ნიშნავდა, რომ პელოტონი ფინიშს პეისკარის უკან გადაკვეთდა.

მაგრამ, ასე არ მოხდა. საბურავების უპირატესობის გარდა, ფერსტაპენს აღარც სხვა მეტოქეები დარჩა გასასწრები, გაცვეთილ საბურავებზე მყოფ ჰამილტონთან პირისპირ აღმოჩნდა და მას იოლად გაასწრო.

ეკლსტოუნი ფიქრობს, რომ ამ ყველაფერმა ჰამილტონზე დამთრგუნველად იმოქმედა და ის მომავალ სეზონში აღარ იასპარეზებს: „არ მგონია, ის დაბრუნდეს. ვფიქრობ, ის მომავალ სეზონში რბოლებში მონაწილეობას არ მიიღებს. აბუ დაბის შემდეგ, ის ძალიან გაწბილებულია. მე მისი მესმის. ახლა, როცა ის მოგებული ტიტულებით მიხაელ შუმახერთან ტოლადაა, წასვლისთვის შესაფერისი დრო აქვს. შეუძლია, მოდის ბიზნესში გადაერთოს“.

ფორმულა 1-ის ყოფილი შეფი ასევე ვარაუდობს, რომ თუ ჰამილტონი არ წავა, ის ძველებურად დომინირებას ვეღარ შეძლებს: „მომავალ სეზნში ის მხოლოდ წააგებს. არავინ იცის, ახალი მანქანა როგორი იქნება. ჯორჯ რასელის სახით კი ამბიციური თანაგუნდელი ეყოლება. თუმცა მე ამ ბიჭში ისეთი დარწმუნებული არ ვარ, როგორც სხვები. და არც ფერსტაპენი დაგვავიწყდეს. მისი სახით, ჰამილტონმა ტოლსწორი მეტოქე მიიღო“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122474