ფეხბურთი

10:59 | 18.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთის თასზე "ლიონის" მატჩი ფანების ჩხუბის გამო ჩაიშალა (+VIDEO)

საფრანგეთში გულშემატკივრების მორიგი არეულობის შედეგად კიდევ ერთი მატჩი ჩაიშალა. ამჯერად, საფრანგეთის თასზე, „პარიზი“ – „ლიონი“.

ყველაფერი პირველი ტაიმის შემდეგ დაიწყო, როდესაც „ლიონის“ ფანები პარიზელებს თავს დაესხნენ და სიტუაცია უკონტროლო გახდა. გულშემატკივართა ნაწილი მოედანზეც შევარდა და მსაჯმა თამაში აღარ განაახლა. ის ოფიციალურად ჩაიშალა, გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„ლიონის“ პრეზიდენტი ჟან-მიშელ ოლა ფიქრობს, რომ კლუბი მკაცრად დასჯის „ოლიმპიკის“ ყველა გულშემატკივარს თუ ისინი ინციდენტში მონაწილეობდნენ, მაგრამ ამაში მას ეჭვი ეპარება:

„უკიდურეს ზომებს მივიღებთ ყველას მიმართ, ვინც იდენტიფიცირებული იქნება. ვიცით, ლიონიდან ვინ უნდა ჩამოსულიყო თამაშის საყურებლად, მაგრამ სხვა რეგიონებიდან ფანების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. პასუხისმგებლობას სრულად ჩვენ ვერ ავიღებთ, ეს უნდა განაწილდეს, ეს არის სოციალური პრობლემა. პეტარდები პირველი „ლიონის“ ფანების მისამართით ისროლეს. სტადიონზე ასობით ადამიანი იყო, რომლებიც ჩვენი ფანები არ იყვნენ. ეს ყველაფერი ჩვენი ქომაგების ბრალი არ არის. მითხრეს, რომ აქ პსჟ-ს გულშემატკივრებიც იყვნენ. ეს იყო მოვლენების მთელი ჯაჭვი და ველოდები სიმართლის დადგენას“, - აღნიშნა ოლამ.

სულ სხვანაირად ფიქრობს „პარიზის“ პრეზიდენტი პიერ ფერაჩი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ყველაფერი „ლიონის“ ფანების ბრალია:

„დიდი ზეიმი უნდა ყოფილიყო და ამ იდიოტების ჯგუფმა ყველაფერი ჩაშალეს. ოლას ფანატიკოსების დამშვიდება მოუწევს. სანქციები სამაგალითო უნდა იყოს, არ დავუშვებ, რომ მატჩი თავიდან ვითამაშოთ. „ლიონს“ ჰყავს ფანები, რომლებიც ფეხბურთის მოედანთან ახლოსაც არ უნდა იყვნენ. ვხედავთ, რომ ინციდენტები ყოველთვის ერთსა და იმავე კლუბების ფანების გამო ხდება. ჟან-მიშელ ოლა საკმარისად ჭკვიანი ადამიანი საიმისოდ, რომ იცოდეს, რომ მის გუნდს პრობლემები აქვს და თუ ასე გაგრძელდება, ფრანგულ ფეხბურთსაც პრობლემა ექნება. ძალადობა ჩემს თვალწინ მოხდა, ისინი არიან ადამიანები, რომლებიც თუ წინ პოლიცია არ უდგათ, უკონტროლოები ხდებიან. ვფიქრობ, „ლიონს“, როგორც სჩვევია, უკვე მზად ექნება საძილე ვერსია“, - თქვა ფერაჩიმ.

შეგახსენებთ, გულშემატკივრების ჩხუბის გამო საფრანგეთის ლიგა 1-ში მიმდინარე სეზონში რამდენიმე მატჩი უკვე ჩაიშალა, მათ შორის „ლიონის“ მონაწილეობითაც, „მარსელის“ წინააღმდეგ. აქვე გეტყვით, რომ "პარიზი" - "ლიონის" მატჩი მაშინ შეწყდა, როცა ანგარიში 1:1 იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.099804