სხვა

1:39 | 18.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

კილდე ომოდტმა კიდევ ერთი სუპერ გიგანტი მოიგო

ნორვეგიელმა ალეკსანდერ ომოდტ კილდემ, იტალიის ვალ გარდენაში, სამთო მოთხილამურეთა მსოფლიო თასის მორიგი ჩქაროსნული ეტაპი, სუპერ გიგანტი მოიგო. 29 წლის მოთხილამურემ, ვინც ვალ გარდენაში შარშან ორივე ჩქაროსნული ეტაპი (დაშვება და სუპერ გიგანტი) მოიგო, სასლონგის ტრასა წუთსა და 25.91 წამში გაიარა.

პეკინის ზამთრის ოლიმპიადის წინ, ომოდტ კილდე, ვისაც აქამდე არც ოლიმპიური და არც მსოფლიო ჩემპიონატის მედალი მოუპოვებია, შესანიშნავ ფორმაშია. მან 0.22 წამით აჯობა ავსტრიელ ოლიმპიურ ჩემპიონ მათიას მაიერს. კიდევ ერთი ავსტრიელი, ვინსენტ კრიხმაირი, კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე დადგა. ის გამარჯვებულს 0.27 წამით ჩამორჩა.

შეჯიბრის დასაწყისში ამერიკელი რაიან კოხრან-ზიგლე დაწინაურდა, ვინც ყველაზე კარგად აუღო ალღო გაყინულ ტრასას. მაგრამ დღის განმავლობაში ყინული დარბილდა და ფავორიტებს საქმე გაუადვილა. მათ შორის კი ყველაზე სწრაფი ომოდტ კილდე აღმოჩნდა.

ვალ გარდენაშივე, შაბათს დაშვების რბოლა გაიმართება, რომელზეც ნორვეგიელი მოთხილამურე, შარშანდელი დუბლის გამეორებას ეცდება. მასვე იტალიის ამ სამთო კურორტზე, წინა ორ სეზონში, დაშვების რბოლები მოგებული აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113168