ფეხბურთი

22:14 | 7.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვაისი: "საზღვარგარეთ პატივისცემა კაშიას და კანკავას მსგავსი დამოკიდებულებით მოიპოვება"
"კაშიას არყოფნა აშკარად გვეტყობა, კანკავა საუკეთესო პროფესიონალია, ვისთანაც მიმუშავია"

ბრატისლავის „სლოვანის“ მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი გუნდის რამდენიმე ფეხბურთელით უკმაყოფილო და მათზე გაბრაზებულია. თუმცა, გურამ კაშია და ჯაბა კანკავა შეაქო. როგორც ვაისმა აღნიშნა, კაშიას არყოფნა მის გუნდს აშკარად ეტყობა, ხოლო კანკავა საუკეთესო პროფესიონალია, ვისთანაც აქამდე უმუშავია.

„აქ რომ მოვედი გუნდში ბევრი „რობოტი“ დამხვდა. „სლოვანში“ ბევრი ლეგიონერია და ზოგიერთმა, რბილად რომ ვთქვათ, არც კი იცი რომელ კლუბშია, არ იცის კლუბის ისტორია. ეს უნდა გააცნობიერონ, თუ არადა, გუნდიდან წასვლა მოუწევთ. მე არ უნდა გავაკეთო ის, რაც მათ სურთ. ეს რომ გამეკეთებინა, საქართველოში ან ყაზახეთში, რასაც აქ ზოგი ბედავს, 15 წუთში სახლში ვიქნებოდი.

გურამ კაშია ავად არის, მაგრამ მჯერა „კოპენჰაგენთან“ დაგვეხმარება. როცა ის არ თამაშობს, დაცვაში პრობლემები გვაქვს და ვფიქრობ, ამის დანახვა უსინათლოსაც შეუძლია. მისი გამოცდილება და მონდომება ჩვენთვის პლუსია. მაგალითს გეტყვით: საზღვარგარეთ პატივისცემა მოიპოვება იმ დამოკიდებულებით, რაც გურამს და ჯაბა კანკავას აქვთ. ჯაბა არც ვარჯიშზე და არც თამაშზე არაფერს ამბობს, უბრალოდ მასზე მისი თამაში მეტყველებს. ის 35 წლისაა, ცოტა ხნის წინ დედა გარდაეცვალა და მან მატჩისადმი შესანიშნავი მიდგომა გამოავლინა. ის საუკეთესო მოთამაშეა დამოკიდებულებით და პროფესიონალიზმით, ვისთანაც ოდესმე მიმუშავია. ზოგიერთები მასთან ახლოს რომ იყვნენ, „სლოვანის“ საქმე ახლა უფრო უკეთ იქნებოდა. იგივეს თქმა შემიძლია გურამ კაშიაზეც.

მწვრთნელებს სამთვიან ვადას გვაძლევენ, ფეხბურთელებს კი 4-წლიანი კონტრაქტები აქვთ და ხელშეუხებლები არიან. უმეტეს კლუბში ასეთი ვითარებაა და ეს ნორმალური არაა. კონტრაქტი ზაფხულამდე მაქვს და საქმე ან ისე გაკეთდება, როგორც საჭიროა და როგორც მინდა „სლოვანისთვის“, ან დავშორდებით“, - თქვა ვაისმა სლოვაკურ მედიასთან.

შეგახსენებთ, გურამ კაშია და ჯაბა კანკავა „სლოვანს“ მიმდინარე წლის ზაფხულში ერთად შეუერთდნენ და გუნდის ლიდერები არიან. კაშიამ ყველა ტურნირზე 24 თამაშში თავი 1 გოლით და 1 საგოლე პასით გამოიჩინა, ხოლო კანკავამ 27 შეხვედრაში 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. „სლოვანი“ სლოვაკეთის ჩემპიონატს 17 ტურის შემდეგ 8-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, კონფერენს ლიგაზე კი ბოლო ტურის წინ პაოკ-თან ერთად 8 ქულით იბრძვის პლეი-ოფის საგზურისთვის, თუმცა ბოლო ტურში უფრო რთული მატჩი ელოდება („კოპენჰაგენთან“), ვიდრე ბერძნულ გუნდს („ლინკოლნთან“).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114088