ფეხბურთი

11:24 | 7.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

გაგა კირკიტაძე: „მეტოქესაც უნდა ვაჯობოთ და საკუთარ თავსაც გადავახტეთ“

დადგა მომენტი, რომელსაც „გაგრას“ გულშემატკივარი სრული მობილიზებით შეხვდება. 8 და 12 დეკემბერს გაგა კირკიტაძის გუნდი, ფლეი ოფის 2-რაუნდიან მატჩში ქობულეთის „შუქურას“ დაუპირისპირდება და შეეცდება მასთან ჭიდილში ეროვნული ლიგის საგზური მოიპოვოს. პირველი შეხვედრა ქობულეთში გაიმართება, საპასუხო კი თბილისში.

„გაგრა“ შარშანაც ახლოს იყო მიზანთან, მაგრამ ფლეი ოფის ეტაპზე ქუთაისის „ტორპედოს“ ბარიერი ვერ დაძლია, თუმცა საქართველოს თასის მოგება შეძლო. და აი ახლა, ამ წარმატებული ეპოქის გვირგვინი ეროვნულ ლიგაში აღზევება იქნება. ამ მიზნისკენ გუნდი, დიდი ხანია ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის და ახსნა არ სჭირდება იმ განცდას, რასაც გუნდის თითოეული წევრი ამ დღეებში გრძნობს.

ფლეი ოფის წინ „გაგრამ“ ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრა გამართა საგარეჯოს „გარეჯთან“ და დამაჯერებლად დაამარცხა მეტოქე - 3:0. ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა გუნდის ბომბარდირმა თამაზ მაქაცარიამ და 23 გატანილი გოლით, მარტვილელ შეიკნე სილასთან ერთად, ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული მოიპოვა.

„გარეჯთან“ გამარჯვებით გუნდმა მეტი თავდაჯერებულობა მიიღო და ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა, რაც ფლეი ოფის წინ მნიშვნელოვანი ფაქტია. ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი გაგა კირკიტაძე:

- ამ შეხვედრაში ბევრ ფეხბურთელს დასვენების საშუალება მივეცით. ზოგ მათგანს, კი პირიქით თამაშის შესაძლებლობა ჰქონდა, სათამაშო კონდიციის განმტკიცების მიზნით. საერთო ჯამში, საინტერესო თამაში გამოვიდა. ჩვენ თამაშში იყო ბევრი დადებითი მოვლენაც და უარყოფითი მომენტებიც, რომელთა გამოსწორებაზეც ვიმუშავებთ.

- ეს შეხვედრა ტრავმის გამო რამდენიმე მოთამაშემ გამოტოვა. როგორია მათი მდგომარეობა და რამდენად შესძლებენ ისინი ფლეი ოფში გუნდის დახმარებას?

- ვიმედოვნებ, რომ ფლეი ოფში ყველა ფეხბურთელი მწყობრში იქნება და მეტოქის წინააღმდეგ ოპტიმალური შემადგენლობით ვითამაშებთ.

- ლიგა 2-ის პირველობის დასკვნით მეოთხე წრეში იყო რამდენიმე მომენტი როცა „გაგრა“ სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფებოდა, მაგრამ პირველი ადგილი ვერ შეინარჩუნა. რამ გამოიწვია ეს?

- არ მინდა თავის მართლებასავით გამომივიდეს, მაგრამ, რომ არა საკადრო პრობლემები, დიდი ალბათობით, უკვე ეროვნულ ლიგაში ვიქნებოდით. ფაქტობრივად, მეოთხე წრეში ოპტიმალური შემადგენლობით არ გვითამაშია. იყო მომენტები, როცა 7-8 ფეხბურთელი გვაკლდა. ჩვენ კი მოგეხსენებათ, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ სრულფასოვანი როტაცია განვახორციელოთ. შესაბამისად, რიგ თამაშებში მნიშვნელოვანი ქულები დავკარგეთ.

- ქობულეთის „შუქურა“ თქვენთვის კარგად ნაცნობი გუნდია. წელს თასის მეოთხედფინალშიც შევხვდით ერთმანეთს. რა შეგიძლიათ თქვათ ამ გუნდის ძლიერ და სუსტ მხარეებზე?

- კარგად დაბალანსებული გუნდია. ჰყავს სწრაფი ფორვარდები. კონტრშეტევებზე ორგანიზებულად გადადიან. ეროვნული ლიგის გუნდია და მაღალ დონეზე თამაშის მეტი გამოცდილებაც აქვთ. შესაბამისად, სრული მობილიზება გვმართებს, რომ მიზანს მივაღწიოთ და ეროვნული ლიგის საგზური მოვიპოვოთ. ამისთვის მეტოქესაც უნდა ვაჯობოთ და საკუთარ თავსაც უნდა გადავახტეთ.

- როგორ მოემზადება გუნდი „შუქურასთან“ თამაშებისთვის?

- ზოგადად ახალი ველოსიპედის გამოგონების წინააღმდეგი ვარ. ჩვენ მივყვებით იმ დინამიკას, რომლითაც აქამდე მოვედით. მაქსიმალურად მობილიზებული ვიქნებით და ვითამაშებთ იმ ფეხბურთს რომელიც ვიცით და გვეხერხება.

- მოსალოცი ამბავია. გუნდის ფორვარდი თამაზ მაქაცარია ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. რა შეგიძლიათ თქვათ ამ ფეხბურთელის შესახებ?

- პირველ რიგში მინდა მივულოცო თამაზს ბომბარდირის ტიტული. თამაზ მაქაცარია არის უაღრესად მრავალმხრივი და ნიჭიერი ფეხბურთელი. ჩემი სუბიექტური აზრით, ის ეროვნული ლიგის ნებისმიერ გუნდს დაამშვენებდა. იმედი მაქვს, რომ თამაზი კიდევ არაერთხელ გაგვახარებს.

საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ პრესცენტრი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129464