რაგბი

15:29 | 3.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

რაგბი დაბრუნდა სახლში!

საქართველოს რაგბის კავშირსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და რაგბის კავშირის პრეზიდეტმა იოსებ ტყემალაძემ მოაწერეს.

თავდაცვის სამინისტრო, ყველა იმ ლოკაციაზე სადაც მშენებლობას აწარმოებს, უზრუნველყოფს სარაგბო ინფრასტრუქტურის მოწყობას, ასევე მის შემადგენლობაში ბრუნდება რაგბის კლუბი ‘არმია’. რაგბის კავშირი კლუბს და თავდაცვის სამინისტროს რაგბის განვითარების კუთხით სხვადასხვა სახის დახმარებას გაუწევს.

პირველი ბაზა, ორი მოედნით, აეროპორტის გზატკეცილზე, სამხედრო დასახლებასთან აშენდება. იოსებ ტყემალაძემ ჯუანშერ ბურჭულაძეს გააცნო ბაზის მაკეტი და ესკიზები, მემორანდუმის გაფორმების შემდეგ კი ბორჯღალოსნების ხელმოწერებით დამშვენებული კვართი და ბურთი, ასევე გივი მრელაშვილის წიგნი „ერთხელ თუ ითამაშე“ გადასცა.

იოსებ ტყემალაძე: „დღევანდელ დღეზე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია – რაგბი დაბრუნდა სახლში! რაგბი, როგორც გუნდური, სტრატეგიული ბრძოლისა და ინდივიდუალური გმირობის მაგალითი, ჩვენი ისტორიის და ჯარის ნაწილია. მადლობა ბატონ ჯუანშერს ასე სწრაფი გამოხმაურებისთვის და ასეთი დიდი მხარდაჭერისთვის“.

„მემორანდუმის ფარგლებში აშენდება სარაგბო მოედანი, რაც უმნიშვნელოვანესია როგორც ქართული რაგბისთვის, ასევე ქართული ჯარისთვის და მისი მშენებლობა 2022 წლიდან დაიწყება. ასევე მნიშვნელოვანია თავდაცვის სამინისტროსა და რაგბის კლუბ ‘არმიას’ თანაარსებობა. წლების წინ ეს ურთიერთობა გაწყდა და მოხარული ვარ ახლა მისი აღდგენა რომ მოხერხდა“.

ჯუანშერ ბურჭულაძე: „თავდაცვის სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია, რომ რაგბის კლუბია ‘არმია’ თავის წიაღს დაუბრუნდა. ჩვენ ზოგადად გვერდში ვუდგავართ ქართულ სპორტს, თუმცა რაგბი თავდაცვის ძალებისთვის გამორჩეულია. იმ პროექტების ფარგლებში, სადაც მშენებლობები გვაქვს, რაგბის და ჩვენი კლუბის ინტერესებს გავითვალისწინებთ, შევქმნით მატერიალურ ბაზას, რათა ჩვენი ახალგაზრდები და მათი ოჯახის წევრები რაგბით დაკავდნენ".

RUGBY.GE

0.151828