ზამთრის ოლიმპიადამდე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრი ფიგურულ ციგურაობაში, დიდი პრიზის ფინალი, კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაიშალა. როგორც ციგურაობის საერთაშორისო კავშირი იუწყება, იაპონიამ ვირუსის ახალი შტამის გავრცელების შიშით, უცხოელებისთვის ქვეყანაში შესვლა აკრძალა.
იაპონიის ხელისუფლებამ საზღვრები ერთი თვით ჩაკეტა, რათა ქვყანაში კოვიდ-ის ახალი საშიში შტამის, ომიკრონის გავრცელებას შეუშალოს ხელი. დიდი პრიზის სერიის ფინალისთვის, ქვეყნის დასავლეთში მდებარე ქალაქ ოსაკას უნდა ემასპინძლა. ტურნირი 9-12 დეკემბერს იყო დანიშნული. ის განიხილებოდა, როგორც ზამთრის ოლიმპიადის წინ, მნიშვნელოვანი მოსამზადებელი ეტაპი და მასზე მსოფლიოს საუკეთესო მოციგურავეების გამოსვლა იყო მოსალოდნელი.
ოსაკას შეჯიბრზე გამოსვლას გეგმავდნენ ამერიკელები, ნეითან ჩენი, ვინსენტ ჟოუ და ჯეისონ ბრაუნი, ასევე რუსი მიხაილ კოლიადა. ქალთა შორის ტურნირზე განაცხადში იყვნენ იაპონელი კაორი საკამოტო და ხუთი რუსი მოციგურავე.
დიდი პრიზის სერიის შეჯიბრები გასულ სეზონში მეტწილად რეგიონული ფორმატით ტარდებოდა, რადგან პანდემიური შეზღუდვების გამო, ქვეყნებს შორის გადაადგილება გართულებული იყო.
სერიის მესამე ეტაპი - ჩინეთის თასი, ასევე პანდემიის გამო ჩაიშალა. მის ნაცვლად, იტალიის დიდი პრიზი ჩატარდა.







