რაგბი

14:55 | 29.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

7-ქალა დუბაის საერთაშორისო ტურნირზე

საქართველოს 7-ქალა ნაკრები 2-4 დეკემბერს დუბაიში, საერთაშორისო წვეულ ტურნირ International invitation Women-ზე ითამაშებს.

მსოფლიო სერიების დუბაის ეტაპის პარალელურად, ტრადიციულად, იქ უამრავი სხვადასხვა ასაკისა და კატეგორიის 7-კაცა ტურნირი ტარდება. წლების განმავლობაში მასში საქართველოც იღებდა მონაწილეობას, მაგრამ ბოლო წლებში ამის საშუალება არ იყო და დუბაიში ახლაღა ვბრუნდებით.

საქართველოს 7-ქალა დუბაიში 1 დეკემბერს, გამთენიისას მიემგზავრება და 2 დეკემბერს ორ შეხვედრას გამართავს – ჩვენი დროით 14:40 საათზე სამხრეთ აფრიკულ, პრეტორიის უნივერსიტეტის გუნდ ‘დელტადრონ ტუკს’ (deltadrone tuks womens rugby); ხოლო 16:40 საათზე ირლანდიის მეორე ნაკრებს, განვითარებად ირლანდიას ეთამაშება.

3 დეკემბერს, ჯგუფის მესამე შეხვედრაში 15:40 საათზე პოლონეთს შევხვდებით, რის შემდეგაც შედგება რეიტინგები, ტურნირი რამდენიმე ნაწილად დაიყოფა და მეოთხედფინალები გაიმართება; 4 დეკემბერს ფლეი ოფების, ნახევარფინალებისა და ფინალის დღეა.

7-ქალას მთავარი მწვრთნელი ჯაბა მალაღურაძე ბედნიერია, რომ ასეთ მაღალი დონის ტურნირში თამაშის შესაძლებლობა მიეცა. აღსანიშნავია, რომ გუნდს ივლისის შემდეგ არცერთ ტურნირში არ მიუღია მონაწილეობა. ტრავმების გამო დუბაისთვის გაფართოებულ შემადგენლობაში მხოლოდ 13 გოგონა ემზადება, საიდანაც 12 ტურნირზე გაემგზავრება.

„პანდემიის გამო, 7-ქალა ნაკრებს ტურნირებს შორის ძალიან დიდი წყვეტა აქვს და გოგონები უთამაშებლები არიან. ასეთ დროს მსგავს გუნდებთან თამაშის შესაძლებლობა დიდი ბედნიერებაა. წელს დუბაიში ძალიან ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა თავი და ვეთამაშებით ისეთ გუნდებს, რომელთა პირველი ნაკრებები ჩემპიონატში მონაწილეობენ. კარგია, რომ სატურნირო თვალსაზრისით ჩვენზე არ იქნება წნეხი. ეს როგორც მწვრთნელებს, ასევე თავად მოთამაშეებს, პატარ-პატარა ამოცანების დასახვასა და გადაწყვეტაში დაგვეხმარება, რაც შემდეგ ოფიციალურ შეხვედრებში გამოგვადგება“.

საქართველოს 7-ქალას გაფართოებული შემადგენლობა დუბაის ტურნირისთვის:

სალომე მაკასარაშვილი (თბილისი), მანონი საღარაძე (ხობი), ნათია გავაშელიშვილი (რუსთავი), ლიკა პერტაია (დარჩელი), სალომე საღარაძე (ხობი), თეონა ჩიტაიშვილი (ქუთაისი), თამარი მანაგაძე (ქუთაისი), ირმა გულიაშვილი (თბილისი), მარიამ გოგუაძე (თბილისი), ანა კაპანაძე (ოზურგეთი), ანა ხაბულიანი (თბილისი), ლიკა ხუფენია (ზუგდიდი), მარიამ ბერანძე (ზუგდიდი).

მთავარი მწვრთნელი: ჯაბა მალაღურაძე

მწვრთნელი: გიორგი მაისურაძე

ექიმი: ოთარ თაბაგარი

ფიზიო: გიორგი მურადაშვილი

მენეჯერი: ია ხურცილავა

RUGBY.GE

0.152967