ავტოსპორტი

4:24 | 29.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

სერ ფრენკ უილიამსი გარდაიცვალა

ფორმულა 1-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდის, „უილიამსის“ დამაარსებელი, სერ ფრენკ უილიამსი 79 წლისა გარდაიცვალა.

ფრენკ უილიამსი 1986 წელს, როცა 43 წლის იყო, საფრანგეთის ლე კასტელეს ტრეკის სიახლოვეს, მძიმე ავარიაში მოჰყვა, რის შემდეგაც, პარალიზებული დარჩა. მაგრამ ამის მიუხედავად, თავისი გუნდის ხელმძღვანელობა გააგრძელა და უფრო მეტ წარმატებას მიაღწია, ვიდრე მანამ ჰქონდა.

„როგორც ვხედავ, ერთი ცხოვრების ფანტასტიური 40 წელი გავატარე. ახლა კი, მეორე ცხოვრება დაიწყო, რომელშიც კიდევ 40 ფანტასტიური წელი მელის“, - ავარიის შემდეგ, ფრენკმა ეს სიტყვები უთხრა თავის აწ გარდაცვლილ მეუღლე ჯინის.

მართლაც ასე მოხდა - მას შემდეგ, რაც სერ ფრენკი ინვალიდის სავარძელს მიეჯაჭვა, მისი გუნდის პილოტებმა (ნელსონ პიკემ, ალენ პროსტმა, ნაიჯელ მენსელმა, დეიმონ ჰილმა და ჟაკ ვილნევმა) მსოფლიო ჩემპიონის ხუთი ტიტული მოიპოვეს.

ჯანმრთელობის გაუარესების გამო, სერ ფრენკმა „უილიამსის“ ხელმძღვანელობა 2012 წელს თავის შვილს, კლერ უილიამსს გადააბარა. პარასკევს ის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც კვირას დილით გარდაიცვალა.

სერ ფრენკ უილიამსის ხელმძღვანელობით, მისმა გუნდმა კონსტრუქტორთა ჩემპიონატი ცხრაჯერ, პილოტთა ჩემპიონატი კი შვიდჯერ მოიგო. ბოლო ჩემპიონი კანადელი ჟაკ ვილნევია (1997 წელს), „უილიამსს“ ბოლო გამარჯვება ვენესუელელმა პასტორ მალდონადომ, 2012 წლის ესპანთის დიდ პრიზზე მოუპოვა. კონსტრუქტორთა ტიტული „უილიამსზე“ მეტჯერ მხოლოდ „ფერარის“ აქვს მოპოვებული.

ფრენკ უილიამსმა ფორმულა 1-ში მოღვაწეობა 1969 წელს დაიწყო. პირველად მან „ბრებჰემის“ სარბოლო ავტომობილი შეიძინა, რომლითაც რბოლებში ბრიტანელი პირს კურაჟი მონაწილეობდა. გუნდი „უილიამს გრან პრი ენჯინრინგი“ 1977 წელს, პარტნიორ პატრიკ ჰედთან ერთად ჩამოაყალიბა.

„უილიამსის“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ინვაცური ავტომობილი, 1992 წელს ედრიან ნიუიმ შეიმუშავა. იმ ავტომობილით გუნდის პილოტებმა 16-დან 10 რბოლა მოიგეს. 1996 წელს კი „უილიამსმა“ 16-დან 12 რბოლა მოიგო.

„უილიამსი“ შარშან გაიყიდა. ის ამერიკულმა საინვესტიციო კომპანია „დარლინგტონ კეპიტალმა“ შეისყიდა.

0.127112