ავტოსპორტი

23:26 | 27.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ალონსო მესამე ტიტულის მოპოვებას აპირებს

ფერნანდო ალონსო 40 წლისაა. ის ფორმულა 1-ის ორგზის ჩემპიონია. მაგრამ უკვე 15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. ამ 15 წლიდან რამდენიმე ფ1-ის მიღმა გაატარა. წელს კი დაბრუნდა და ახლახანს, ყატარის დიდ პრიზზე, კვარცხლბეკზე დაბრუნდა.

ამ წარმატებამ მას მადა გაუღვიძა და ამაში ხელი მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა, „რენო სპორტის“ არა-აღმასრულებელმა დირექტორმა ალენ პროსტმა შეუწყო. მან ალონსოს ამ ეტაპზე, ფ1-ის ყველაზე ძლიერი პილოტი უწოდა. ამის პასუხად, ალონსომ მესამე ტიტულზე დაიწყო ლაპარაკი.

„ეს სპორტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მას შემდგ, რაც ფ1-ის კარიერას დავასრულებ, ჩემი მაგალითი სხვებს იმის სტიმულს მისცემს, რომ ყოველთვის სრულად დახარჯვაა საჭირო, თუ გინდა, რამეს მიაღწიო. აუცილებელია ყოველ რბოლაში თვით დისციპლინირებულობა, საქმისადმი დამოკიდებულება. მნიშვნელობა არ აქვს, 19 წლის ხარ, თუ 42-43-ის. ყველაფერი ცხოვრების წესზეა დამოკიდებული. იმაზე, თუ რამდენად მიუძღვნი საკუთარ თავს იმ საქმეს, რომელსაც აკეთებ. და თუ მე ისევ გავხდები ჩემპიონი, ეს მომდევნო თაობებისთვის შესანიშნავი მაგალითი იქნება“, - ამბობს ალონსო და დასძენს:

„რა თქმა უნდა, ეს ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იქნება. მაგრამ თუ ასე არ მოხდა, სასოწარკვეთილებას არ მივეცემი. გამომივა, თუ არა, ეს კარიერისადმი ჩემს მიდგომას არ შეცვლის. უახლოეს წლებში მესამე ტიტულისთვის აუცილებლად ვიბრძოლებ და ყველანაირად ვეცდები, რომ ისევ ჩემპიონი გავხდე“.

მას შემდეგ, რაც ამ სეზონის ბოლოს, კიმი რაიკონენი ფორმულა 1-დან წავა, ალონსო მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეთა შორის, ყველაზე ხნიერი მრბოლი გახდება.

0.114809